ვაშინგტონი ბელარუსს მოუწოდებს, ჩაატაროს არჩევნები, რომელსაც დამოუკიდებელი დამკვირვებლები გაუწევენ მონიტორინგს
ვაშინგტონი ბელარუსს მოუწოდებს, ჩაატაროს არჩევნები, რომელსაც დამოუკიდებელი დამკვირვებლები გაუწევენ მონიტორინგს. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ გააკეთა.
პომპეომ ასევე მოუწოდა ბელარუსის ხელისუფლებას, შეწყვიტოს ოპოზიციის და მათი მხარდამჭერების დევნა.
ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მოუწოდებს ბელარუსის ხელისუფლებას, „გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული პირები და მშვიდობიანი აქტივისტების წინააღმდე ძალადობაში ბრალდებული პირები დასაჯოს“.
მაიკ პომპეომ აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც ეუთო-მ მოუწოდა ბელარუსის მთავრობას 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმოს და კენჭისყრა ხელახლა ჩაატაროს.
ეუთო-ში განაცხადეს, რომ აღნიშნული არჩევნების დროს დარღვევები პროცესის ყველა ეტაპზე გამოვლინდა.
შეგახსენებთ, რომ ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოს გაიმართა. ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამარჯვებულად ალექსანდრ ლუკაშენკო გამოაცხადა, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა. დემონსტრაციები ბელარუსში ამ დრომდე არ წყდება.