ვაშინგტონი აფრთხილებს ბიზნესის წარმომადგენლებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევამ, შესაძლოა, სამართლებრივი დევნა ან სხვა დამატებითი ზომების გატარება გამოიწვიოს
ვაშინგტონი მოუწოდებს ბიზნესს, დაიცვას რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, – ამის შესახებ აშშ-ის ადმინისტრაციის სამმა დეპარტამენტმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა.
იუსტიციის, ვაჭრობისა და ფინანსების დეპარტამენტი აფრთხილებენ ბიზნესის წარმომადგენლებს, რომ სანქციების დარღვევამ, შესაძლოა, გამოიწვიოს სამართლებრივი დევნა ან სხვა დამატებითი ზომების გატარება.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კერძო კომპანიებმა უნდა იცოდნენ სხვადასხვა ტაქტიკის შესახებ, რომელიც შეიძლება, გამოყენებული იყოს რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციებისთვის თავის ასარიდებლად. მაგალითისთვის, დასახელებულია შენიღბული ფირმებისა და ფსევდონიმების გამოყენება, ასევე სანქცირებული ტვირთების საიდუმლო ექსპორტი.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა ჩინეთი, სომხეთი, თურქეთი და უზბეკეთი, შეიძლება, გამოყენებული იყოს უკანონო ტვირთების გადაზიდვისთვის რუსეთსა და ბელარუსში.
„ყველა ტიპის კომპანიებმა უნდა იმოქმედონ პასუხისმგებლიანად, შემოიღონ მკაცრი კონტროლი, რომ სანქციები იყოს დაცული“, – აღნიშნულია განცხადებაში.