„ვაშინგტონ პოსტის“ მფლობელმა კამალა ჰარისის მხარდაჭერაზე უარი თქვა, 200 ათასზე მეტმა მკითხველმა გამოცემის გამოწერა გააუქმა
„ვაშინგტონ პოსტის“ მფლობელმა კამალა ჰარისის მხარდაჭერაზე უარი თქვა, 200 ათასზე მეტმა მკითხველმა გამოცემის გამოწერა გააუქმა

„ვაშინგტონ პოსტის“ მფლობელი, „ამაზონის“ დამაარსებელი ჯეფ ბეზოსი კრიზისულ სიტუაციაში აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც აღნიშნული გამოცემის 200 ათასზე მეტმა მკითხველმა გამოწერა გააუქმა. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

მედიის ცნობით, აღნიშნულის მიზეზი ისაა, რომ ბეზოსმა გადაწყვიტა, თავისმა გაზეთმა ამიერიდან არ დაუჭიროს მხარი არცერთ საპრეზიდენტო კანდიდატს.

ეს გამოცემა ტრადიციულად, 1970-იანი წლებიდან მხარს უჭერდა დემოკრატიული პარტიის კანდიდატებს.

„ვაშინგტონ პოსტის“ რედაქციაში აცხადებენ, რომ გამოცემა ამზადებდა მასალას კამალა ჰარისის მხარდასაჭერად, რომელიც აღარ გამოქვეყნდება.

ბეზოსის გადაწყვეტილება რედაქციაში და ხელმომწერებს შორის უკმაყოფილებას იწვევს.

„ვაშინგტონ პოსტის“ გენერალურმა დირექტორმა, უილიამ ლუისმა საავტორო სვეტში დაწერა, რომ გაზეთის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება გამოწვეულია სურვილით, არ მოახდინოს გავლენა ამომრჩეველზე. თუმცა „ვაშინგტონ პოსტის“ გილდიამ, რომელიც თანამშრომლების ინტერესებს იცავს, განაცხადა, რომ ღრმადაა შეშფოთებული როგორც თავად ბეზოსის გადაწყვეტილებით, ისე გამოცემის გენერალური დირექტორის განცხადებით.

„სარედაქციო კოლეგიის ნაცვლად, უილიამ ლუისის მიერ გაკეთებული განცხადება გვაშფოთებს და გვაფიქრებინებს, რომ ხელმძღვანელობა გამოცემის სარედაქციო პოლიტიკაში ერევა“, – ნათქვამია გილდიას განცხადებაში.

თავად ჯეფ ბეზოსმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო, რადგან შეშფოთდა ტენდენციით, რომლის მიხედვითაც, ადამიანები ტრადიციული მედიასაშუალებებისადმი ნდობას კარგავენ და სოციალურ ქსელებს იყენებენ სიახლეების გასაცნობად. ბეზოსის აზრით, ეს მკითხველებს მცდარი ინფორმაციის მიმართ მოწყვლადს ხდის.

„უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მედია მიკერძოებულია. ვინც ამას ვერ ხედავს, ნაკლებ ყურადღებას უთმობს რეალობას, ხოლო ვინც რეალობას ებრძვის, წარუმატებელია“, – ამბობს ბეზოსი.

ამასთან, ბეზოსი აღნიშნავს, რომ დარწმუნებულია, მედიის რაიმე პოზიციას არ შეუძლია, გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგზე.

„არცერთი გადაუწყვეტელი ამომრჩეველი პენსილვანიაში არ იტყვის: „მე ამ გაზეთის აზრს ვიზიარებ“. არავინ. სინამდვილეში, კანდიდატების მხარდაჭერა მედიაში ქმნის მიკერძოებულობის და დამოუკიდებლობის არარსებობის განცდას. მასთან გამკლავება წარმოადგენს ჩვენს პრინციპულ გადაწყვეტილებას და ეს სწორია“, – დაწერა „ვაშინგტონ პოსტის“ მფლობელმა.

მიუხედავად ამისა, გამოცემის 20-მა ავტორმა გამოაქვეყნა ერთობლივი განცხადება, რომელშიც ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას მრავალწლიანი ძირეული პრინციპების უარყოფა უწოდა.

ბეზოსის გადაწყვეტილების მოწინააღმდეგეები ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზეც, რომ იმავე დღეს, როდესაც „ვაშინგტონ პოსტმა“ გადაწყვიტა, არ გამოექვეყნებინა მასალა კამალა ჰარისის მხარდასაჭერად, გაზეთის მფლობელს რესპუბლიკელი პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი შეხვდა. ბეზოსი თავის საავტორო წერილში ამას დამთხვევას უწოდებს.

ცნობისთვის, ბეზოსის გადაწყვეტილებამდე ერთი კვირით ადრე, არჩევნებში მონაწილე კანდიდატების მხარდაჭერაზე უარი თქვა „ლოს ანჯელეს თაიმსის“ ხელმძღვანელობაც.

გამოცემა აპირებდა დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის, კამალა ჰარისის მხარდაჭერას, მაგრამ გაზეთის მფლობელმა, მილიარდერმა პატრიკ სონ-ხიონმა ეს სტატია დაბლოკა. ამ გადაწყვეტილების გამო გამოცემის მთავარი რედაქტორი გადადგა.

„ვაშინგტონ პოსტი“ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და უძველესი ამერიკული გამოცემაა. სწორედ ამ გაზეთმა შეუწყო ხელი პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონის გადაყენებას „ვოტერგეითის“ სკანდალის გამოააშკარავებით.

ამჟამად გაზეთის ბევრი ყოფილი ხელმომწერი „ვაშინგტონ პოსტის“ ოფიციალურ ლოზუნგს – „დემოკრატია ბნელში იღუპება“, სოციალურ ქსელებში ავრცელებს და წერს, რომ „ვაშინგტონ პოსტისთვის“ „ბნელი უკვე დადგა“.