„ვაშინგტონ პოსტის“ გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ გამოცემა არცერთ საპრეზიდენტო კანდიდატს მხარს არ დაუჭერს
„ვაშინგტონ პოსტი“ არცერთ საპრეზიდენტო კანდიდატს არ დაუჭერს მხარს. ამის შესახებ „ვაშინგტონ პოსტის“ გენერალურმა დირექტორმა, უილიამ ლუისმა საავტორო სვეტში დაწერა.
როგორც ლუისი წერს, ეს გადაწყვეტილება ეხება არა მხოლოდ წლევანდელ, არამედ მომავალ არჩევნებსაც.
უილიამ ლუისი იხსენებს სარედაქციო საბჭოს 1960 წლის წერილს, სადაც აღნიშნულია, რომ „ვაშინგტონ პოსტს“ არ დაუჭერია მხარე რომელიმე კანდიდატისთვის, გამონაკლისი იყო მხოლოდ 1952 წელს.
„1952 წლის გამონაკლისმა გარემოებებმა გვაიძულა, გამოგვეჩინა მხარდაჭერა დუაიტ ეიზენჰაურისადმი. დროის პერსპექტივიდან ჩვენ მაინც მიგვაჩნია, რომ მისი ნომინაციისა და არჩევის არგუმენტები დამაჯერებელი იყო, თუმცა ასევე დავრწმუნდით, რომ სახელმწიფოს დედაქალაქის დამოუკიდებელი გაზეთისთვის უფრო სწორი იქნებოდა ოფიციალური მხარდაჭერისგან თავის შეკავება“, – აღნიშნულია საბჭოს 1960 წლის წერილში.
ლუისი ასევე აღნიშნავს, რომ სარედაქციო საბჭო წერილში საპრეზიდენტო არჩევნებზეც წერს.
„1960 წლის არჩევნები, რა თქმა უნდა, ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ამ საუკუნეში ჩატარებული ნებისმიერი არჩევნები. ეს გაზეთი არანაირად არ ერიდება იმ გამოწვევების განხილვასაც, რასაც ეს ქვეყანა აწყდება. ჩვენი მკითხველებისთვის ცხადია, რომ ჩვენ შევეცადეთ, სარედაქციო სვეტებში გვეჩვენებინა ჩვენი რწმენა, რომ უმეტეს შემთხვევაში ორი კანდიდატიდან ერთმა უფრო ღრმად გაიგო პრობლემები და გამოავლინა ლიდერობის უნარი“, – წერდა სარედაქციო საბჭო და აღნიშნავდა, რომ, ამ ყველაფრის მიუხედავად, გაზეთი მაინც ინარჩუნებდა მიუკერძოებელ პოზიციას.
„ჩვენ შევეცადეთ, მაქსიმალურად სამართლიანად ჩამოგვეყალიბებინა ჩვენი მოსაზრებები, ვხელმძღვანელობდით დამოუკიდებლობის საკუთარი პრინციპებით, თავისუფლები ნებისმიერი პარტიის ან კანდიდატის წინაშე ვალდებულებებისაგან“, – აღნიშნულია 1960 წლის წერილში.
ამასთან, 1972 წელს საპრეზიდენტო არჩევნების დროს „ვაშინგტონ პოსტის“ სარედაქციო საბჭო წერდა, რომ გაზეთი იყო დამოუკიდებელი და მათი ტრადიცია არ ყოფილა კანდიდატების მხარდაჭერა, გამონაკლისი მხოლოდ 1952 წელს დაუშვეს. თუმცა 1976 წელს გაზეთმა პოზიცია შეცვალა და საპრეზიდენტო არჩევნებში ჯიმ კარტერს დაუჭირა მხარი.
1970-იანი წლებიდან დღემდე „ვაშინგტონ პოსტი“ იყო დემოკრატიული პარტიის კანდიდატების მხარდამჭერი. როგორც ლუისი წერს, გაზეთი აცნობიერებს, რომ ეს გადაწყვეტილება სხვადასხვაგვარად იქნება აღქმული, როგორც რომელიმე კანდიდატის ფარული მხარდაჭერა ან პასუხისმგებლობის თავიდან არიდება, თუმცა მათი მიზანია, ხელი შეუწყონ მოქალაქეებს საკუთარი აზრის ჩამოყალიბებაში, გაუზიარონ ობიექტური ინფორმაცია და შემდგომში ხალხმა შეძლოს ანალიზი. ჩვენი მთავარი სამუშაო, როგორც გაზეთის, არის დამოუკიდებლობა“, – აღნიშნულია საავტორო სვეტში.