„ვაშინგტონ პოსტი“ - უკრაინის პირველმა ლედიმ უარი თქვა, კონგრესში ჯო ბაიდენის გამოსვლას დაესწროს, რადგან მის გვერდით ალექსეი ნავალნის მეუღლე უნდა მჯდარიყო
„ვაშინგტონ პოსტი“ წერს, რომ უკრაინის პირველმა ლედიმ უარი თქვა კონგრესში ჯო ბაიდენის გამოსვლას დაესწროს, რადგან მის გვერდით რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მეუღლე უნდა მჯდარიყო.
როგორც გავლენიანი ამერიკული გამოცემა წერს, ასეთი გეგმა აშშ-ის პირველ ლედის ჰქონდა. სტატიაში ნათქვამია, რომ, გეგმის თანახმად, კონგრესში იულია ნავალნაიასა და ოლენა ზელენსკას ერთად ყოფნა სიმბოლური იქნებოდა, რადგანაც ორივე ქალი რუსეთის წინააღმდეგობას გამოხატავს და ეს იქნება ძლიერი გზავნილი ბაიდენის კონგრესში გამოსვლისას.
თუმცა, ანონიმური წყაროები აცხადებენ, რომ ნავალნის ქვრივის კონგრესში ყოფნის შესაძლებლობამ დისკომფორტი შეუქმნა უკრაინელებს. კერძოდ, ალექსეი ნავალანის მიერ ყირიმის შესახებ წარსულში გაკეთებული განცხადებების გამო, რომელშიც ის ამბობდა, რომ ყირიმის ნახევარკუნძული რუსეთს ეკუთვნოდა.
როგორც „უკრაინსკაია პრავდას“ უკრაინის პრეზიდენტის ოფისში უთხრეს, ოლენა ზელენსკაიამ კონგრესში ბაიდენის გამოსვლაზე გამგზავრებაზე უარი „გრაფიკთან დაკავშირებული საკითხების“ გამო თქვა.
„ვაშინგტონ პოსტის“ ცნობით, ამავე დროს ბაიდენის სიტყვით გამოსვლისისას კონგრესში მისვლაზე უარი ალექსეი ნავალნის ქვრივმაც თქვა. ამის მიზეზად „დაღლილობა“ დასახელდა.
„ვაშინგტონ პოსტი“ ასევე წერს, რომ იულია ნავალნაიას მიერ კონგრესში მისვლაზე უარის შესახებ თეთრმა სახლმა კიევს ინფორმაცია, სავარაუდოდ, არ მიაწოდა, თუმცა როგორც გამოცემასთან საუბარში ამერიკელი მაღალჩინოსანი ამბობს, უკრაინისთვის კონგრესში ნავალნაიას დასწრება ერთადერთი პრობლემა არ იყო.
როგორც იუწყებიან, კიდევ ერთ პრობლემას კიევისთვის, რომელიც აშშ-ისგან ფინანსური მხარდაჭერის მიღებას ცდილობს, წარმოადგენს საჭიროზე მეტი კავშირები ბაიდენთან. გამოცემა წერს, რომ უკრაინა ახლა თავგანწირვით ლობირებს კონგრესმენ რესპუბლიკელებს, რათა მათ მხარი დაუჭირონ უკრაინის დახმარების პაკეტს. ამასთან, უკრაინას არ სურს რესპუბლიკელების განაწყენება, რომელთა პრეზიდენტობის კანდიდატი, შესაძლოა, მომავალ წელს თეთრ სახლში დაბრუნდეს.