„ვაშინგტონ პოსტი“ - უკრაინელი დეპუტატი, რომელმაც „ჯო ბაიდენისა და პეტრო პოროშენკოს საუბრები“ გაასაჯაროვა, „კაგებეს“ ძერჟინკის უმაღლეს სკოლაში სწავლობდა
„ვაშინგტონ პოსტის“ ცნობით, უკრაინელი დეპუტატი ანდრეი დერკაჩი, რომელმაც „ჯო ბაიდენისა და პეტრო პოროშენკოს საუბრები” გაასაჯაროვა, „კაგებეს“ ძერჟინკის უმაღლეს სკოლაში სწავლობდა.
საქმე ეხება უკრაინელ დამოუკიდებელ დეპუტატ ანდრეი დერკაჩს, რომელმაც უკრაინის გენერალურ პროკურატურას გადაუგზავნა აუდიოჩანაწერები, რომელშიც აშშ-ის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან, აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივან ჯონ კერისთან და უკრაინის ყოფილ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ხმებთან მიმსგავსებული საუბარი ისმის.
როგორც „ვაშინგტონ პოსტი“ წერს, დეპუტატ დერკაჩს ახლო კავშირი აქვს რუსულ სპეცსამსახურებთან, კერძოდ, ის მოსკოვში „კაგებეს“ ძერჟინსკის უმაღლეს სკოლაში სწავლობდა.
„დერკაჩის მამა წლების განმავლობაში „კაგებეს“ აგენტი იყო, რომელიც 1990 წელს გახდა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. ის პრეზიდენტ კუჩმას ახლო მოკავშირე იყო და ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის გატაცებისა და მკვლელობის საქმის გამო გაათავისუფლეს“, – წერს „ვაშინგტონ პოსტი“.
მედიის ცნობით, უკრაინელი დეპუტატი ანდრეი დერკაჩი შარშან კიევში შეხვდა აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადვოკატ რუდი ჯულიანის, რომელიც ამ დროს აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტისა და მისი შვილის უკრაინულ კომპანია „ბურისმასთან“ კავშირს იძიებდა.
უკრაინელმა დეპუტატმა, ანდრეი დერკაჩმა ქვეყნის გენერალურ პროკურატურას აუდიოჩანაწერები გადასცა. როგორც უკრაინული მედია წერს, სატელეფონო საუბრების აუდიოჩანაწერებში, სავარაუდოდ, ისმის უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს, აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და ასევე აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის ხმა. უკრაინელი დეპუტატი ამტკიცებს, რომ „ეს საუბრები ადასტურებს საერთაშორისო კორუფციის ფაქტებს და სახელმწიფო ღალატს უმაღლეს დონეზე“. მისივე თქმით, აღნიშნული საუბრები 2015-2016 წლებში მიმდინარეობდა. დეპუტატი ამბობს, რომ ჩანაწერები გამომძიებელი ჟურნალისტებისგან მიიღო. ერთ-ერთ აუდიოფაილში, რომლიც 2015 წლის 3 დეკემბრით არის დათარიღებული, ერთმანეთთან უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი საუბრობენ. მედიის ინფორმაციით, საუბარი ეხება უკრაინის ყოფილი პროკურორის, ვიქტორ შოკინის გათავისუფლების მოთხოვნას, რომელიც, როგორც დონალდ ტრამპის ადვოკატი რუდი ჯულიანი ამტკიცებს, უკრაინის ხელისუფლებამ ჯო ბაიდენის შვილის წინააღმდეგ წამოწყებული გამოძიების გამო დაითხოვა. ჩანაწერში აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერის ხმასთან მიმსგავსებული ადამიანი ფაქტობრივად ითხოვს პოროშენკოსგან უკრაინის ყოფილი პროკურორის თანამდებობიდან გათავისუფლებას. მედიის ინფორმაციით, ამ აუდიოჩანაწერების ავთენტურობა არც უკრაინის პროკურატურას და არც დამოუკიდებელ ექსპერტიზას ჯერ არ დაუდასტურებია. მედიის ინფორმაციით, უკრაინის პროკურატურამ დეპუტატ ანდრეი დერკაჩის მიმართვის საფუძველზე გამოძიება სახელმწიფო ღალატისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით დაიწყო.