„ვაშინგტონ პოსტი“ - თეთრმა სახლმა ჯო ბაიდენისა და სი ძინპინის შეხვედრის დაგეგმვა დაიწყო
თეთრმა სახლმა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის შეხვედრის დაგეგმვა დაიწყო, რომელიც ნოემბერში სან ფრანცისკოში გაიმართება, – ამის შესახებ „ვაშინგტონ პოსტი“ ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს.
როგორც გამოცემა წერს, შეხვედრის მიზანი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დასტაბილურების მცდელობაა.
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა გამოცემას განუცხადა, რომ ბაიდენი ძინპინთან შეხვედრას მოუთმენლად ელოდება, თუმცა, მისი თქმით, „ჯერ არაფერი არ არის დადასტურებული“.
თეთრი სახლის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ეს გეგმა გამყარდება, როდესაც ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვანგ ი უახლოეს კვირებში ვაშინგტონს ეწვევა.
იმ შემთხვევაში, თუ ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერები ერთმანეთს შეხვდებიან, 2022 წლის ნოემბერში „დიდი ოცეულის“ სამიტის შემდეგ ეს მათი პირველი შეხვედრა იქნება.