„ვაშინგტონ პოსტი“ - რუსეთის სახელმწიფო მედია პანდემიას ანტიდასავლური შეხედულებების გაღვივებისთვის იყენებს, მაგრამ კრემლი მარტო არ არის
რუსეთის სახელმწიფო მედია პანდემიას ანტიდასავლური შეხედულებების გაღვივებისთვის იყენებს. ამის შესახებ სტატიას ამერიკული გამოცემა „ვაშინგტონ პოსტი“ აქვეყნებს.
პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ „გლობალური პანდემიის პირობებში, როდესაც მოქალაქეების დიდი ნაწილი სახლებში რჩება, სახელმწიფო მედიასაშუალებები საკუთარი შეხედულებების წინ წამოწევას ცდილობენ“.
„ოქსფორდის ინტერნეტ ინსტიტუტის“ მიერ ჩატარებული კვლევის ავტორებმა შეისწავლეს რუსეთი, ჩინეთის, ირანისა და თურქეთის სახელმწიფო მედიასაშუალებების მიერ კორონავიურსის დროს ინგლისურ ენაზე გამოქვეყნებული სტატიები.
„შედეგად გამოვლინდა რამდენიმე საერთო თემა, რომელთაც აქვთ შესაბამისი პოტენციალი, რათა პანდემიასთან გლობალური ბრძოლის ძალისხმევა გაართულონ. ასეთ თემებად დასახელებულია კოვიდ-19-ის წარმოშობასთან დაკავშირებული კონსპირაციული თეორიები. ასევე ხშირია შემთხვევები, როდესაც პანდემიასთან გლობალური ბრძოლა „არაკომპეტენტურ“ მოქმედებად არის შეფასებული“, – ნათქვამია სტატიაში.
როგორც „ვაშინგტონ პოსტის“ სტატიაშია აღნიშნული, პანდემიის დროს ყალბი ამბების და დეზინფორმაციის გავრცელებასთან ერთად, სხვადასხვა სახელმწიფოების მედიასაშუალებები პროპაგანდისთვის „ემოციურ სიმართლეს“ იყენებენ.
„ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიამ პანდემიის დროს გაავრცელა ცნობა, რომ კოვიდ-19 არა ჩინეთში, არამედ იტალიაში გაჩნდა. ირანული მედია ავრცელებდა ცნობებს, რომ ვირუსი აშშ-ში შექმნეს. რუსეთის მედია კი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებდა იტალიისთვის გაწეულ დახმარებაზე“, – წერს „ვაშინგტონ პოსტი“.
„რაშა თუდეი“, „სპუტნიკი“ და კრემლის მედია თამაშობდა საზოგადოების შიშზე, დასავლეთში სამედიცინო საშუალებების დეფიციტზე, ცდილობდა მოქალაქეების დაბნევას დეზინფორმაციით და ამავე დროს ამტკიცებდა, რომ რუსეთის მთავრობას შეუძლია, საჭიროების შემთხვევაში დაეხმაროს აშშ-ს, იტალიას და ესპანეთს და ეს გააკეთოს დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების პირობებშიც კი“, – განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის, ევროპის პროგრამების დირექტორმა ჰითერ კონლიმ.