„ვაშინგტონ პოსტი“ - რუსეთი აძლიერებს ძალისხმევას კიევისადმი საფრანგეთის მხარდაჭერის შესამცირებლად, დოკუმენტების მიხედვით, კრემლმა სტრატეგებს საფრანგეთში პოლიტიკური უთანხმოების ხელშეწყობა დაავალა
რუსეთი აძლიერებს ძალისხმევას კიევისადმი საფრანგეთის მხარდაჭერის შემცირების მიზნით და მისი პროპაგანდისტული ძალისხმევა უკრაინის წინააღმდეგ ომის ნაწილია, – ამის შესახებ „ვაშინგტონ პოსტი“ სტატიაში წერს.
„ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, ევროპული სადაზვერვო სააგენტოს მიერ მოპოვებული კრემლის დოკუმენტები აჩვენებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, სერგეი კირიენკომ კრემლის პოლიტიკურ სტრატეგებს დაავალა საფრანგეთში პოლიტიკური უთანხმოების ხელშეწყობა სოციალური მედიისა და ფრანგი პოლიტიკური მოღვაწეების და აქტივისტების მეშვეობით.
როგორც მედია წერს, დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ მოსკოვის მიზანია, ძირი გამოუთხაროს უკრაინის მხარდაჭერას. კრემლის სტრატეგიებს შორის იყო მტკიცება, რომ რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციებმა ზიანი მიაყენა საფრანგეთის ეკონომიკას ვაჭრობის მოცულობის შემცირების გამო, რის შედეგადაც ქვეყანა ყველაზე ღრმა სოციალურ-ეკონომიკურ კრიზისშია. ასევე მტკიცება, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებამ საფრანგეთი თავდაცვისთვის იარაღის გარეშე დატოვა.
„ვაშინგტონ პოსტი“ წერს, რომ სტრატეგებს დაევალათ, გაეძლიერებინათ „რუსეთთან პირდაპირი დაპირისპირების და მესამე მსოფლიო ომის დაწყების შიში, რომელშიც ევროპა ჩაერთო“, ასევე გაეზარდათ მათი რიცხვი, ვისაც სურს „რუსეთთან დიალოგი საერთო ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის ასაშენებლად“.
დოკუმენტები აჩვენებს, რომ კრემლის პოლიტიკური სტრატეგების მიერ შექმნილი „ტროლების ქარხნები“ აწარმოებდნენ და აქვეყნებდნენ კონტენტს, სტატიებს სოციალურ ქსელებში, რომლებიც აკრიტიკებდნენ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მთავრობისადმი დასავლეთის მხარდაჭერას.
ამასთან, როგორც „ვაშინგტონ პოსტი“ წერს, საფრანგეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის დირექტორის, თომას გომარდის განცხადებით, პრორუსული სოციალური მედიის ანგარიშების ხილვადობა საფრანგეთში იზრდება და ფრანგული ულტრამემარჯვენე პარტიების მოწონების რეიტინგი იზრდება. რუსეთის მოკავშირეების რიტორიკა უკრაინაში ომის ხარჯების შესახებ სულ უფრო მეტად ერწყმის აზრს, რომ ეს არის „ამერიკული თავგადასავალი“, რომ საფრანგეთმა უნდა ჩამოაყალიბოს თავი, როგორც დიდმა ძალამ და აღადგინოს ურთიერთობა რუსეთთან.