შვედეთში, სადაც მკაცრი იზოლაციის არქონამ მსოფლიო დებატები გამოიწვია, „კოვიდ-19“-ის ახალი ტალღაა. ქვეყნის ეპიდემიოლოგმა ამ კვირაში განაცხადა, რომ ზამთარი ახლოვდება და ისინი „არასწორი მიმართულებით“ მიდიან, – წერს „ვაშინგტონ პოსტი“.
„შვედეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანომ ხუთშაბათს „კოვიდ-19“-ის 554 ახალი შემთხვევა დააფიქსირა – ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ივლისის დასაწყისის შემდეგ – და პარასკევს – 417. ონლაინ თვალის დევნების მექანიზმზე დაყრდნობით, როგორც ეპიდემიოლოგმა ანდერს ტეგნელმა განაცხადა, აღნიშნული კვირა ახალი შემთხვევების „რეკორდული კვირა“ უნდა ყოფილიყო“, – წერს გამოცემა.
„შვედეთში სიტუაცია ნელა, მაგრამ არასწორი მიმართულებით მიდის, მაშინაც კი, თუ სიტუაცია არ არის ისეთი სერიოზული, როგორც ევროპის სხვა ნაწილებში“, – განაცხადა ტეგნელმა ხუთშაბათს გამართულ ბრიფინგზე, გაზეთ „Svenska Dagbladet“-ის თანახმად.
„ვაშინგტონ პოსტი“ წერს, რომ მრავალი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით, შვედეთი ატარებს ვირუსის შემაკავებელ პოლიტიკას, რომელიც მკაცრი ზომების მიღებას თავიდან აცილებს მთავრობას, როგორიცაა სკოლების ან რესტორნების დახურვა.
„ამ პოლიტიკის წარმატება ან წარუმატებლობა ჯერ კიდევ განიხილება შვედეთის საზღვრებს მიღმა, სადაც ქვეყნების უმეტესობამ გარკვეული შეზღუდვები დააწესა.
მხოლოდ გასულ კვირას, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მოიწონა შვედეთის არაორდინალური მიდგომა ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ. შვედეთმა „თავიდან აიცილა ზრდა, რაც დასავლეთ ევროპის ზოგიერთ სხვა ქვეყნებში შეინიშნებოდა“, – განაცხადა კეტრინ სმოლვუდმა, ჯანმოს ევროპის საგანგებო სიტუაციების უფროსმა ოფიცერმა ბრიფინგზე.
შვედეთში ყოველდღიური შემთხვევები ნელა იზრდება ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით. ხუთშაბათს, საფრანგეთმა და ბრიტანეთმა განაცხადეს, რომ ყველაზე მაღალი გავრცელება აქვთ პანდემიის დაწყების დღიდან – „კოვიდ-19“-ის 16,096 და 6,634 ახალი შემთხვევა.
მაგრამ ოფიციალურ პირებს აწუხებთ ზრდის მაჩვენებელი, რაც უფრო მაღალია, ვიდრე მათი მეზობლების დიდი ნაწილის. პრემიერ მინისტრმა, შტეფან ლოფვენმა, ხუთშაბათს განაცხადა, რომ ახალი ციფრები „შემაშფოთებელია“ და გეგმები დიდი საზოგადოებრივი შეკრებების შეზღუდვების გამარტივებაზე გადაიდება.
შვედეთის 14-დღიანი ჯამური რაოდენობა 100,000-ზე 38,8-ს შეადგენს, დაავადებათა კონტროლის ევროპული ცენტრის მონაცემებით, რომელიც პარასკევს გამოქვეყნდა – მაჩვენებელი გაცილებით დაბალია, ვიდრე ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ესპანეთი, სადაც ეს მაჩვენებელი 319,7-ია, შემთხვევების მომატებული რაოდენობის ფონზე, მაგრამ უფრო მაღალია, ვიდრე ქვეყნებში როგორიცაა – გერმანია, იტალია და მისი სკანდინავიელი მეზობლების უმეტესობა, რომლებმაც მკაცრი შეზღუდვები დააწესეს.
ზუსტად რატომ იზრდება შემთხვევათა რაოდენობა შვედეთში, გაუგებარია. ზაფხულის ბოლოს გამარტივებული გარე ჯგუფური საქმიანობა შეიძლება ამის ფაქტორი გახდეს, თუმცა მთავრობის წარმომადგენლებმა ასევე წარადგინეს მონაცემები, რომელთა მიხედვით, სულ უფრო მეტი შვედი ბრუნდება ოფისში და იყენებს საზოგადოებრივ ტრანსპორტს, მიუხედავად მთავრობის გაფრთხილებისა“, – წერს „ვაშინგტონ პოსტი“.
გამოცემის ცნობით, შვედეთმა ასევე გაზარდა ტესტირების შესაძლებლობები, მაგრამ შვედეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოს მონაცემების მიხედვით, დადებითი პასუხების რაოდენობა იმატებს, რაც ვირუსის გავრცელების ზრდას ნიშნავს.
„ჯერჯერობით, სიკვდილიანობა მნიშვნელოვნად არ გაზრდილა. მთავრობამ პარასკევს გამოაცხადა, რომ „კოვიდ-19“–ით კიდევ ორი გარდაიცვალა, ჯამში კი გარდაცვლილთა რაოდენობამ 5,880-ს მიაღწია. ქვეყანაში სულ დაფიქსირდა „კოვიდ-19“-ის დადასტურებული 90,923 შემთხვევა 10-მილიონიან მოსახლეობაში.
შვედეთის მოდელი მკაცრი იზოლაციის არქონასთან დაკავშირებით თავდაპირველად ბევრმა მოიწონა მთელმა მსოფლიოში. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ჩაკეტვამ ძალიან დიდი ზიანი მიაყენა ეკონომიკას სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნების მხრივ. თუმცა, როდესაც ზაფხულში სიკვდილიანობამ იმატა, ეს ქვეყანა ბევრმა გააკრიტიკა; ტეგნელმა, რომელიც ტაქტიკის სათავეში იყო, სინანული გამოთქვა ზოგიერთი გატარებული პოლიტიკის გამო.
ბევრ ქვეყანაში, რომლებიც ჩაკეტილი იყო, ინფექციის ახალი ტალღები გამოჩნდა. შვედური მოდელი კი კვლავ სადავოა. სენატორ რენდ პოლს ამ კვირას სენატის მოსმენაზე დაპირისპირება ჰქონდა ქვეყნის ინფექციურ დაავადებათა საუკეთესო სპეციალისტთან, ენტონი ფაუჩთან. ამერიკელი ექსპერტის აზრით, შვედეთის მდგომარეობის შედარება უადგილო იყო შეერთებული შტატების მდგომარეობასთან.
ტეგნელი, რომელიც ბრიტანელმა კონსერვატორებმა დადებითად შეფასეს, ამ თვის დასაწყისში ასევე ესაუბრა პრემიერ მინისტრ ბორის ჯონსონს. ბრიტანეთში ხელახალი ჩაკეტვა განიხილება. ამ კვირას კი მთავრობის ერთმა ექსპერტმა გამოაცხადა, რომ ოქტომბრის შუა რიცხვებამდე ქვეყანაში შეიძლება დღეში 50,000 კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდეს.
ჯანდაცვის ექსპერტები, რომლებმაც შეისწავლეს შვედეთის სისტემა, სიფრთხილეს იჩენენ მარტივი დასკვნების გაკეთებისას. ზოგიერთმა ხაზი გაუსვა შვედეთის საზოგადოების ნდობას ექსპერტებისადმი და ასევე ტეგნელის, როგორიც აპოლიტიკური ექსპერტის, უჩვეულო პოზიციას, რომელიც საზოგადოების ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის მნიშვნელოვან ძალას ფლობს. რიჩარდ სმიტი წერს, რომ „შვედეთში უფრო ზუსტად იცავდნენ წესებს, ვიდრე სხვა ქვეყნებში – ალბათ იმიტომ, რომ ისინი ენდობიან საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლებს“, – წერს „ვაშინგტონ პოსტი“.