„ვაშინგტონ პოსტი“ - ევროპული სასამართლო 2008 წელს საქართველოსთან ომის გამო რუსეთს გმობს
ევროპული სასამართლო 2008 წელს საქართველოსთან ომის გამო რუსეთს გმობს, – ამ სათაურით გავლენიანი ამერიკული გამოცემა „ვაშინგტონ პოსტი“ სტატიას აქვეყნებს.
სტატიაში ნათქვამია, რომ ადამიანის უფლებათა უმაღლესმა ევროპულმა სასამართლომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ საქართველოს რეგიონებში ჩადენილ არაერთ დანაშაულზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა.
გამოცემა წერს, რომ საქართველოში ამ ვერდიქტს „მნიშვნელოვანი გამარჯვება“ უწოდეს.
„სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვიტა, რომ რუსეთი ახორციელებდა საქართველოს სეპარატისტული რეგიონების ეფექტურ კონტროლს და პასუხისმგებელია ქართველი სამხედრო ტყვეების არასათანადო მოპყრობისა და წამების ფაქტებში, ქართველების თვითნებურ დაკავებებში და 160 დაკავებული ქართველი სამოქალაქო პირის არაადამიანურ მოპყრობაში. რუსეთს ასევე დააკისრეს პასუხისმგებლობა კონფლიქტის შემდეგ იძულებით გადაადგილებული ეთნიკური ქართველების სეპარატისტულ რეგიონებში დაბრუნებისთვის ხელის შეშლაში“, – ნათქვამია სტატიაში.
2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გუშინ გამოაცხადა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.