„ვაშინგტონ პოსტი“ - დონალდ ტრამპს სურს, უკრაინას ყირიმისა და დონბასის რუსეთისთვის დათმობა აიძულოს
დონალდ ტრამპს სურს, უკრაინას ყირიმისა და დონბასის რუსეთისთვის დათმობა აიძულოს, – ამის შესახებ გავლენიანი ამერიკული გამოცემა „ვაშინგტონ პოსტი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, თეთრ სახლში დაბრუნების შემთხვევაში დონალდ ტრამპი აპირებს, ზეწოლა განახორციელოს კიევზე, რათა მან რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმი და დონბასი დათმოს. როგორც „ვაშინგტონ პოსტი“ წერს, ეს მიდგომა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკისგან რადიკალურად განსხვავდება.
როგორც გამოცემას ანონიმური წყარო ეუბნება, ტრამპი მიიჩნევს, რომ რუსეთსაც და უკრაინასაც შექმნილი სიტუაციიდან გამოსვლა ისე სურთ, რომ ორივემ შეძლოს „სახის შენარჩუნება“ და რომ უკრაინის ზოგიერთი ნაწილის მცხოვრებლები არ არიან წინააღმდეგი, რომ რუსეთის შემადგენლობაში აღმოჩნდნენ.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ტრამპის ზოგიერთი მოკავშირე ცდილობდა, დაერწმუნებინა ტრამპი, რომ უარი ეთქვა ამ მიდგომაზე, რადგანაც უკრაინის ნაწილზე რუსეთის კონტროლის აღიარება გააფართოებს ვლადიმერ პუტინის გავლენის სფეროს.
„ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი აცხადებს, რომ ის „საკუთარი დროის 100%-ს ხარჯავს ტრამპთან უკრაინის შესახებ დიალოგში“. გრემი მიიჩნევს, რომ პუტინმა უნდა გადაიხადოს გარკვეული საფასური და მან არ უნდა გაიმარჯვოს ომში. მისივე მოსაზრებით, ომის დასრულება შესაძლებელია მხოლოდ უკრაინის ნატო-სა და ევროკავშირში შესვლის გზით, თუმცა გრემი ამბობს, რომ ტრამპი ამაზე ძალიან ცოტას ლაპარაკობს.
ტრამპის წინასაარჩევნო შტაბში „ვაშინგტონ პოსტის“ სტატიაში მოყვანილ ინფორმაციაზე კომენტარი არ გააკეთეს.
„ნებისმიერი სპეკულაციები ტრამპის გეგმის შესახებ მოდის ანონიმური და არაინფორმირებული წყაროებიდან, რომელთაც წარმოდგენა არ აქვთ, რა ხდება და რა მოხდება“, – განაცხადა დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლივიტმა.