„ვაშინგტონ პოსტი“ - დონალდ ტრამპი სავარაუდოდ ხელს მოაწერს ბრძანებას, რომლითაც ფედერალური თანამდებობის პირებს შესაძლებლობა ექნებათ, „ფეისბუქი“, „გუგლი“ და „ტვიტერი“ დააჯარიმონ
თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეილი მაკენანიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხელს მოაწერს აღმასრულებელ ბრძანებას „სოციალურ მედიასთან დაკავშირებით”, მაგრამ დეტალები არ დაუკონკრეტებია.
გამოცემა „ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, ახალი ბრძანების საშუალებით, შესაძლებელი გახდება ფედერალური თანამდებობის პირების მიერ „ფეისბუქის“, „გუგლისა“ და „ტვიტერის“ დაჯარიმება. ტრამპის ახალი დირექტივა ძირითადად, 230-ე მუხლით ცნობილ კანონს ეხება, რომელიც ტექნიკურ კომპანიებს არ აკისრებს პასუხისმგებლობას მათი მომხმარებლების მიერ გამოქვეყნებული კომენტარებზე, ვიდეოებსა და სხვა ტიპის პოსტებზე.
ტრამპი სოციალურ ქსელებს უკვე დიდი ხანია, აკრიტიკებს, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტისგან კრიტიკა მას შემდეგ გამწვავდა, რაც „ტვიტერმა“ მის რამდენიმე პოსტზე მკითხველებს ინფორმაციის დაზუსტებისკენ მიუთითა.