„ვაშინგტონ პოსტი“ - დმიტრო კულება აცხადებს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემის მიღების საკითხზე დასავლელ პარტნიორებთან ტონის შეცვლას აპირებს, რადგან „რბილმა და წყნარმა დიპლომატიამ არ იმუშავა“
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემის მიღების საკითხზე დასავლელ პარტნიორებთან ტონის შეცვლას აპირებს, რადგან „რბილმა და წყნარმა დიპლომატიამ არ იმუშავა“. აღნიშნულის შესახებ კულებამ „ვაშინგტონ პოსტთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
როგორც კულებამ აღნიშნა, იმედს გამოთქვამს, რომ მკაცრი დიპლომატიის მისი ახალი სტილი მიზნის მიღწევაში შეუწყობს ხელს.
„დიახ, შეიძლება, შემიძულონ და შეიძლება, ამით ურთიერთობები გავაფუჭო, მაგრამ ჩემი მეორე ნაწილი ამბობს, რომ დიპლომატია პირადი ურთიერთობაა. შემდეგ, მე ვუთხარი ჩემს ამ ნაწილს, გაჩუმდი და იმ ნაწილმა, ვისაც ლაპარაკი სურდა, დაიწყო საუბარი. ჩვენ ყველაფერი ვცადეთ და როგორც ჩანს, არაფერი გამოვიდა“, – აღნიშნა კულებამ.
მისივე თქმით, ტაქტიკის ცვლილება განაპირობა მარტის ბოლოს კიევზე განხორციელებულმა რუსეთის სარაკეტო თავდასხმამ, როდესაც აფეთქების ხმები საჰაერო თავდასხმის შესახებ განგაშის სიგნალიდან ერთ წუთზე ნაკლებ დროში გაისმა.
კულებას განცხადებით, კიევმა აღმოაჩინა ოთხი ქვეყანა ევროპასა და აზიაში, რომელთაც აქვთ „პატრიოტის“ ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლის გადაცემაც უკრაინისთვის დაუყოვნებლივ არის შესაძლებელი. როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ამ ქვეყნებს შესთავაზა დროებითი სარგებლობისთვის მიწოდებაც და დაჰპირდა, რომ მათ მოთხოვნისთანავე დაუბრუნებდა.
„ვგრძნობ, რომ თავს კედელს ვურტყამ, მიუხედავად იმისა, რომ დიპლომატი ვარ, რაც იმას ნიშნავს, რომ კედელი აგურ-აგურ უნდა დავშალო. ასეთი დიპლომატია რადგან არ მუშაობს, მსურს, დავარტყა კედელს. უბრალოდ, არ მესმის, რატომ არ ხდება ეს“, – აღნიშნა კულებამ.