„ვაშინგტონ პოსტი“ - ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნებმა გადაწყვიტეს, რომ უკრაინა არ მიიღებს ნატო-ში გაწევრიანების შესახებ ოფიციალურ მიწვევას 11-12 ივლისის ვილნიუსის სამიტზე
„ვაშინგტონ პოსტი“ - ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნებმა გადაწყვიტეს, რომ უკრაინა არ მიიღებს ნატო-ში გაწევრიანების შესახებ ოფიციალურ მიწვევას 11-12 ივლისის ვილნიუსის სამიტზე

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნებმა გადაწყვიტეს, რომ უკრაინა არ მიიღებს ნატო-ში გაწევრიანების შესახებ ოფიციალურ მიწვევას 11-12 ივლისის ვილნიუსის სამიტზე, – ამის შესახებ „ვაშინგტონ პოსტი“ ავრცელებს ინფორმაციას.

გამოცემის ცნობით, ბლოკის წევრ ქვეყნებს შორის არის გარკვეული უთანხმოება უკრაინის ალიანსში ინტეგრაციის კონკრეტულ ნაბიჯებთან დაკავშირებით.

„ვაშინგტონ პოსტი“ წერს, რომ ნატო-ში უკრაინის შესახებ დისკუსიები გააქტიურდა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები მხარს უჭერენ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებისკენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას, მათ შორის პოტენციური ვალდებულების აღებას ქვეყნის გაწევრიანების ვადაზე.

„ნატო-მ უნდა განსაზღვროს ჩვენი გაწევრიანების გზა და დაადგინოს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებისკენ მიმავალი მოძრაობის ალგორითმი, ნაცვლად იმისა, რომ კვლავ გაიმეოროს განცხადება ღია კარის პოლიტიკის შესახებ. ვილნიუსის სამიტი ისტორიული არ იქნება ალიანსში უკრაინის მომავალზე გადაწყვეტილების გარეშე“, – განაცხადა ნატო-ში უკრაინის მისიის ხელმძღვანელმა, ნატალია გალიბარენკომ.