„ვაშინგტონ პოსტი“: ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჯო ბაიდენს განუცხადა, რომ ისრაელი ირანის ბირთვულ და ნავთობის ობიექტებზე იერიშს არ მიიტანს
„ვაშინგტონ პოსტი“: ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჯო ბაიდენს განუცხადა, რომ ისრაელი ირანის ბირთვულ და ნავთობის ობიექტებზე იერიშს არ მიიტანს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს განუცხადა, რომ ისრაელი ირანის ბირთვულ და ნავთობის ობიექტებს თავს არ დაესხმება.

„ვაშინგტონ პოსტი“ ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ ნეთანიაჰუს შერბილებული პოზიცია აშშ-ის გადაწყვეტილების მთავარი ფაქტორი გახდა ისრაელში მოწინავე ანტი-სარაკეტო საჰაერო თავდაცვის სისტემის გაგზავნასთან დაკავშირებით.

გამოცემის თანახმად, 8 ოქტომბერს, ისრაელის გეგმების გაცნობისას, ნეთანიაჰუმ ბაიდენს უთხრა, რომ ისრაელი გეგმავს შეზღუდოს თავისი თავდასხმა, რომელიც მხოლოდ სამხედრო ობიექტებს მოიცავს.

ერთ-ერთი ამერიკელი ოფიციალური პირის თქმით, ისრაელის შურისძიება იქნება იმგვარად განხორციელებული, რომ თავიდან აიცილოს „პოლიტიკური ჩარევა აშშ-ის არჩევნებში“.

მანამდე ისრაელი გეგმავდა თავდასხმას ირანის ნავთობის ობიექტებზე, რასაც მოჰყვებოდა ენერგომატარებლებზე ფასების ზრდა, ხოლო ბირთვულ ობიექტზე დარტყმამ, შესაძლოა, გამოიწვიოს საომარი მოქმედებების ესკალაცია და გამოიწვიოს ომში აშშ-ის ჩართულობა.

სპარსეთის ყურის ქვეყნები ასევე ლობირებენ ვაშინგტონში, რათა აშშ-მა გადაააფიქრებინოს ისრაელს ირანის ნავთობის ობიექტებზე თავდასხმა, რადგან შეშფოთებას გამოთქვამენ, რომ მათი ნავთობის ობიექტები, შესაძლოა, თეირანის მარიონეტების ცეცხლის ქვეშ მოხვდნენ, თუ კონფლიქტი გამწვავდება.