„ვაშინგტონ პოსტი“ - აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ტრამპს ირანელი გენერლის ლიკვიდაციისკენ რამდენიმე თვის განმავლობაში მოუწოდებდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დონალდ ტრამპს ირანელი გენერლის ლიკვიდაციისკენ რამდენიმე თვის განმავლობაში მოუწოდებდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ვაშინგტონ პოსტი“ ავრცელებს.
„პომპეომ ყასემ სოლეიმანის მკვლელობის შესახებ ტრამპთან საუბარი რამდენიმე თვის წინ წამოიწყო, მაგრამ მაშინ არც პენტაგონის წარმომადგენლები და არც პრეზიდენტი არ იყო მზად, ასეთი ოპერაციის ჩატარებაზე თანხმობა გაეცათ“, – წერს გავლენიანი ამერიკული გამოცემა.
კერძოდ, „ვაშინგტონ პოსტის“ ანონიმური წყარო ამტკიცებს, რომ სოლეიმანის ლიკვიდაციის საკითხი პომპეომ პირველად 2018 წლის ზაფხულში დააყენა, როდესაც ირანმა ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო.
პუბლიკაციაში ასევე აღნიშნულია, რომ „გასულ კვირას მაიკ პომპეო დღის განმავლობაში რამდენჯერმე ესაუბრებოდა ტრამპს. ამ საუბრების კულმინაცია გახდა ტრამპის გადაწყვეტილება, რომელმაც ირანელი გენერლის ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციის მიზნით ოპერაციის ჩატარების ნებართვა გასცა, როგორც ამას პომპეო და აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი ითხოვდნენ“.
როგორც „ვაშინგტონ პოსტი“ წერს, მანამდე აშშ-ის თავდაცვის სამინისტროში არაერთხელ განაცხადეს, რომ ირანის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციების გამო თეირანთან ურთიერთობებში დაძაბულობა გაიზარდა, რაც ახლო აღმოსავლეთში სულ უფრო მეტ სამხედრო რესურსებს მოითხოვდა, პანტაგონში კი უფრო მეტად პრიორიტეტულად აღმოსავლეთ აზიის რეგიონი მიაჩნდათ.
სტატიაში ნათქვამია, რომ „ტრამპი ასევე აპირებდა ახლო აღმოსავლეთიდან სამხედროების გამოყვანას, თუმცა ყველაფერი 27 დეკემბერს შეიცვალა, როდესაც ერაყის ქალაქ კირკუკთან მდებარე ამერიკულ ბაზას 30 რაკეტა ესროლეს. შედეგად დაიღუპა ამერიკელი კონტრაქტორი და დაიჭრნენ სამხედროები.