„ვაშინგტონ პოსტი“ - აშშ-ის გენერალური პროკურორი დონალდ ტრამპის „ტვიტერში“ გამოქვეყნებული განცხადებების გამო თანამდებობის დატოვებას განიხილავს
„ვაშინგტონ პოსტი“ - აშშ-ის გენერალური პროკურორი დონალდ ტრამპის „ტვიტერში“ გამოქვეყნებული განცხადებების გამო თანამდებობის დატოვებას განიხილავს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ იუსტიციის დეპარტამენტთან დაკავშირებით „ტვიტერში“ გაკეთებული განცხადებების გამო გენერალური პროკურორი უილიამ ბარი თანამდებობის დატოვებას განიხილავს. ამის შესახებ „ვაშინგტონ პოტი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება. გამოცემის ინფორმაციით, თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილების შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების გენერალურმა პროკურორმა პრეზიდენტთან დაახლოებულ პირებს განუცხადა.

​მანამდე უილიამ ბარმა „ეიბისისთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიკრობლოგ „ტვიტერში“ გაკეთებული განცხადებებით იუსტიციის დეპარტამენტის მუშაობას აფერხებს. რის შემდეგაც თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, რომ უილიამ ბარს ბოლომდე ენდობა, თუმცა საკუთარი პოზიციის საჯაროდ გამოხატვას მომავალშიც განაგრძობს, რადგან პრეზიდენტს სისხლის სამართლის საქმეში ჩარევის უფლება აქვს.

ამერიკული გამოცემის ცნობით, უილიამ ბარი საკუთარი ქმედებით ცდილობს, დაანახოს პრეზიდენტს, რომ იუსტიციის დეპარტამენტის გამოძიებაში არ უნდა ჩაერიოს.

თავად იუსტიციის დეპარტამენტის პრესმდივანი აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს.