„ვაშინგტონ პოსტი“ - აშშ და არაბული ქვეყნები ამზადებენ დეტალურ გეგმას, რომელიც მოიცავს მშვიდობას ისრაელსა და პალესტინელებს შორის, ასევე პალესტინის სახელმწიფოს შექმნის მტკიცე ვადებს
აშშ და არაბული ქვეყნები ამზადებენ დეტალურ გეგმას, რომელიც მოიცავს მშვიდობას ისრაელსა და პალესტინელებს შორის, ასევე პალესტინის სახელმწიფოს შექმნის მტკიცე ვადებს. ამის შესახებ აღნიშნულია „ვაშინგტონ პოსტის“ სტატიაში.
ამერიკული გამოცემის ინფორმაციით, გადაწყვეტილების შესახებ, შესაძლოა, მომდევნო კვირებში გამოცხადდეს.
ამერიკელი და არაბი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ გეგმისა და მისი საჯარო განცხადების გასაღები ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის პირველადი შეთანხმების მიღწევა იქნება.
ამ პაუზის განმავლობაში, რომელიც დაგეგმილია, სულ მცირე, ექვსი კვირის განმავლობაში, აშშ გეგმავს მოხსენების გასაჯაროებას და აპირებს, გადადგას პირველადი ნაბიჯები მისი განხორციელებისკენ, რომელთა შორისაა პალესტინის დროებითი მთავრობის ფორმირება.
მოხსენებაში ნათქვამია, რომ გაურკვეველია, მიიღებს თუ არა ისრაელი ასეთ შეთავაზებას.
ისრაელის მედია წერს, რომ შემოთავაზებული გეგმა მოიცავს ნაბიჯებს, რომლებზეც ისრაელმა ადრე თქვა უარი და ნაკლებად სავარაუდოა, რომ მიიღებს ამჟამინდელი მემარჯვენე მთავრობა.
გეგმა მოიცავს დასავლეთ ნაპირზე მრავალი დასახლებული პუნქტის ევაკუაციას, პალესტინის დედაქალაქს აღმოსავლეთ იერუსალიმში, დასავლეთ ნაპირისა და ღაზის უსაფრთხოების სისტემების და მთავრობების გაერთიანებას.