„ვაშინგტონ პოსტი“ - ამერიკულმა სპეცსამსახურებმა იცოდნენ „ვაგნერის“ მცდელობაზე, თურქეთისგან შეეძინა შეიარაღება, ასევე ინფორმირებული იყვნენ უკრაინაში ომთან დაკავშირებით რუსეთის გეგმებზე
ამერიკულმა სპეცსამსახურებმა იცოდნენ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მცდელობის შესახებ, თურქეთისგან შეეძინა შეიარაღება. ასევე, ინფორმირებული იყვნენ უკრაინაში ომთან დაკავშირებით რუსეთის გეგმების შესახებ, – ამის შესახებ ინფფორმაციას „ვაშინგტონ პოსტი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აღნიშნულის თაობაზე საუბარია პენტაგონის იმ გასაიდუმლოებულ დოკუმენტებში, რომლებიც სოციალურ პლატფორმებზე გასაჯაროვდა.
მედიის ინფორმაციიით, როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა, თებერვლის დასაწყისში „ვაგნერის“ წარმომადგენლები თურქულ მხარეს იარაღისა და აღჭურვილობის შესაძენად თურქეთში შეხვდნენ, თუმცა უცნობია, იცოდა თუ არა თურქეთის ხელისუფლებამ ამის შესახებ და რამდენად წარმატებული აღმოჩნდა ეს მოლაპარაკებები.
„იმის აღმოჩენა, რომ ნატოელი მოკავშირე, შესაძლოა, რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში ეხმარებოდა, შეიძლება, სახიფათო აღმოჩნდეს“, – წერს გამოცემა.
დაზვერვის მონაცემების გასაჯაროებული დოკუმენტებიდან ასევე ირკვევა „ვაგნერის“ გეგმების შესახებ რუსი პატიმრების საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისთვის დაქირავებასთან დაკავშირებით.
როგორც გამოცემა წერს, დოკუმენტები აგრეთვე აჩვენებს, რომ „აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოებამ დიდი ხანია, ღრმად შეაღწია რუსეთის არმიასა და მის მეთაურობაში და შეუძლია, წინასწარ გააფრთხილოს უკრაინა თავდასხმების შესახებ და საიმედოდ შეაფასოს რუსული ძალების ძლიერი და სუსტი მხარეები“.
აქვე აღნიშნულია, რომ ამერიკულმა მხარემ წინასწარ იცოდა, რომ რუსი სამხედროები ენერგეტიკულ ობიექტებსა და ხიდებზე ამზადებდნენ თავდასხმებს.