„ვაშინგტონ პოსტი“ - ამერიკელი მაღალჩინოსნები ისრაელს არ ურჩევენ ლიბანში სახმელეთო ოპერაციის დაწყებას
ამერიკელი მაღალჩინოსნები ისრაელს არ ურჩევენ ლიბანში სახმელეთო ოპერაციის დაწყებას. ამის შესახებ „ვაშინგტონ პოსტი“ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
როგორც წყაროები ამბობენ, ლიბანში სახმელეთო ოპერაციის დაწყება მხოლოდ გაართულებს ისრაელის მცდელობას, დაასუსტოს „ჰეზბოლა“.
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი აცხადებენ, რომ ისინი ჯერ კიდევ აფასებენ ლიბანში არსებულ ვითარებას და მათ შემდგომ ნაბიჯებს. ადმინისტრაციაში ასევე აღნიშნეს ისიც, რომ ძნელია პროგნოზირება, რა შეიძლება მოჰყვეს „ჰეზბოლას“ ლიდერის, ჰასან ნასრალას მკვლელობას.
როგორც „ვაშინგტონ პოსტი“ წერს, მათთვის ცნობილი გახდა ის ფაქტიც, რომ აშშ-ის სამხედროები ემზადებიან ნასრალას ლიკვიდრების გამო ირანის შესაძლო პასუხისთვის ან ირანის მიერ რეგიონში აშშ-ს სამხედროებზე თავდასხმებისთვის.