ვაშა-ფშაველას გამზირზე მკვლელობისთვის ბრალდებულ პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა
ვაშა-ფშაველას გამზირზე მკვლელობისთვის ბრალდებულ პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა

არაპირდაპირი განზრახვით მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო. სხდომა დისტანციურ რეჟიმში წარიმართა.

აღკვეთის სახით პატიმრობის შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა, რაც მოსამართლე რომან ხორავამ გაითვალისწინა. დაცვის მხარე ათი ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

ადვოკატის, ცოტნე წერეთელის განცხადებით, დღესვე სასამართლო იმსჯელებს ბრალდებულის თანამდებობიდან გადაყენებასთან დაკავშირებით.

იოსებ გაბრიაძეს ბრალი ოფიციალურად გუშინ წარუდგინეს.  სამართალდამცავებმა პოლიციელი გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ბრალდებით დააკავეს. თუმცა, მოგვიანებით, პროკურატურამ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით წარუდგინა.

გამოძიების ინფორმაციით, 2020 წლის 19 აპრილს, ს.გ. იმყოფებოდა ვაჟა-ფშაველას გამზირზე, თავის საცხოვრებელ ბინაში, დაახლოებით 21:00 საათზე, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი ს.გ. გავიდა საცხოვრებელი ბინის აივანზე და როდესაც ქვეყანაში გამოცხადებული იყო საგანგებო მდგომარეობა და მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა იმყოფებოდა საცხოვრებელ სახლებში, თავისი კუთვნილი „ვიკინგის“ მოდელის ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა რამდენიმე გასროლა საცხოვრებელი კორპუსების მიმართულებით. შედეგად, ს.გ.-ის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ერთ-ერთი ტყვია თავის არეში მოხვდა საკუთარ საცხოვრებელ ბინაში მყოფ- თ.ა.-ს, რომელიც მიღებული ცეცხლნასროლი ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.

ადვოკატების ინფორმაციით, ბრალდებული გასროლის ფაქტს აღიარებს.