ვარლამ ლიპარტელიანი - ჩემთან ძალიან ახლოს არის მმართველი გუნდის ფასეულობები, შევეცდები, სამგორელების ხმა ვიყო საკანონმდებლო ორგანოში
ჩემთან ძალიან ახლოს არის მმართველი გუნდის ფასეულობები, შევეცდები, სამგორელების ხმა ვიყო საკანონმდებლო ორგანოში, – ამის შესახებ სამგორის ოლქში „ქართული ოცნების“ დელეგატმა, ვარლამ ლიპარტელიანმა საქართველოს პირველ არხთან განაცხადა.
მისივე თქმით, აუცილებელია თითოეული ადამიანის თანადგომა სარწმუნოებისა და ადათ-წესების დასაცავად.
„შევეცდები, ამ გამოწვევას გავართვა თავი. ჩვენს ქვეყანას აუცილებლად სჭირდება გვერდში დგომა, მხარდაჭერა ნებისმიერი ადამიანის მხრიდან. უალტერნატივოა ის მშვიდობა, რაც დღეს ჩვენ ყველაზე მეტად გვჭირდება. შევეცდები, სამგორის რაიონელების ხმა ვიყო და მაქსიმალურს გავაკეთებ, რათა მათი ხმა საკანონმდებლო ორგანომდე მივიტანო. სპორტი გვასწავლის ბრძოლის ჟინს, გამარჯვებისკენ სწრაფვას და დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ.
ადვილი არ იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, რადგან მთელი ცხოვრება სპორტში ვიყავი. ძალიან ახლოს არის ჩემთან ის ფასეულობები, რომლებიც დღეს მმართველი გუნდის მიერ არის ხაზგასმული. აუცილებელია თითოეული ადამიანის თანადგომა, რათა დავიცვათ ადათ-წესები, ჩვენი ტრადიცია, სარწმუნოება და ა.შ. რეალურად, ეს ყველაფერი დღეს დასაცავია, რადგან უამრავი ძალისგან ხდება ამ ყველაფრის შეურაცხყოფა, დისკრედიტაცია. ვფიქრობ, რომ ყველას ჩართულობა საჭიროა, არ აქვს მნიშვნელობა, ეს სპორტსმენი იქნება თუ სხვა სფეროს წარმომადგენელი, ნებისმიერი ადამიანი უნდა გაერთიანდეს ამ სულისკვეთების გარშემო.
ჩემი პირველი ნაბიჯებია პოლიტიკაში და, რა თქმა უნდა, ნერვიულობაც ახლავს, მაგრამ მგონია, რომ თავს გავართმევ. სპორტი გვაძლევს საშუალებას, ძალასა და ენერგიას, რომ ყველა დაბრკოლებას, ყველა გამოწვევას გავუმკლავდეთ“, – აღნიშნა ლიპარტელიანმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ დღეს თბილისის დელეგატები დაასახელა.