ვარლამ გოლეთიანი - მოვითხოვთ საქმის აღძვრას ნათია თურნავასა და ყველა იმ პირთან დაკავშირებით, რომელიც ხელს აწერს „ნამახვანჰესის“ პროექტზე დოკუმენტაციებს
თბილისში მიმდინარე „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაზე, აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა ისაუბრა იმ ძირითად მოთხოვნებთან დაკავშირებით, რომლებსაც ისინი ამჟამად აყენებენ.
გოლეთიანის თქმით, კომპანია „ენკამ“ უნდა დატოვოს რიონის ხეობა და მასთან გაწყდეს ხელშეკრულება, გაუქმდეს 2015 წლიდან დღემდე კომპანიასთან დაკავშირებით გაცემული ყველა დოკუმენტაცია და გამოცხადდეს მორატორიუმი ენერგოსექტორში.
„დღეს ჩვენი მოთხოვნები მკაფიოა – კომპანია „ენკამ“ უნდა დატოვოს რიონის ხეობა, უნდა გაწყდეს ანტისახელმწიფოებრივი ხელშეკრულება, რომელიც დადებულია კომპანიასთან, რომელიც გულისხმობს რიონის ხეობის მთლიანად კერძო საკუთრებაში გადაცემას. ზოგადად გაუქმდეს ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც გაცემულია 2015 წლიდან დღემდე კომპანიასთან დაკავშირებით. მოვითხოვთ მორატორიუმის გამოცხადებას, პაუზის აღებას ამ სექტორში, რომ საზოგადოების აზრი იქნას გათვალისწინებული, ენერგოსექტორში რა მიმართულებით მივდივართ, როგორ ვვითარდებით, ეს არის უმნიშვნელოვანესი. ამაში უნდა იყოს ყველას ჩართულობა. ამისთვის საჭიროა პაუზა, გვჭირდება დრო, რათა ყველა იყოს ჩართული და გავითვალისწინოთ მათ შორის საერთაშორისო პრაქტიკა, ზოგადად, თითოეული მოქალაქის ინტერესი, რომ მომავალში აღარ იყოს მსგავსი პროტესტი და ამ პრობლემისგან შეწუხებული ადამიანები. ამისთვის ვითხოვთ მორატორიუმს და განვითარების ნაწილში ეს არის ჩვენი ძირითადი მოთხოვნა, რადგან ხშირად გვდებენ ხოლმე ბრალს, რომ ჩვენ ვლობირებთ რუსული კილოვატ საათების გაყიდვას ქვეყანაში და ვართ დესტრუქციული ძალა, არ გვინდა, რომ ჰესი აშენდეს, ვართ კამპანია „არა ჰესებს“, ეს ასე არ არის, მეგობრებო, ჩვენ ამისთვის გვჭირდება პაუზა და განსაზღვრა იმ ენერგოპოლიტიკის, რომელიც დღეს ქვეყანას არ აქვს და ასე ქაოტურად ხდება ამ პროცესის წარმართვა, დაბეტონება ყველა ხეობის, რისთვის და ვისთვის, ეს არის გაუგებარი. ის, რომ აქ იკვეთება კონკრეტულად ვიწრო ინტერესები ამა თუ იმ პერსონის და ჩინოვნიკების, ამის შესახებ თქვენ მეტ-ნაკლებად იცით. ეს არის ჩვენი მოთხოვნის უმნიშვნელოვანესი ნაწილი“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
გარდა ამისა, გოლეთიანის განმარტებით, ითხოვენ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავასა და ყველა იმ პირთან დაკავშირებით, რომელიც ხელს აწერს კონკრეტულ დოკუმენტაციებს „ნამახვანჰესის“ პროექტთან მიმართებაში.
„ვითხოვთ, რომ აღიძრას საქმე ყველა იმ პირზე, რომელიც ჩართული იყო ამ დოკუმენტაციის მომზადების პროცესში.იცით, რომ ჩვენ ვითხოვდით და ვითხოვთ ეკონომიკის მინისტრის გადადგომას იმ ქმედების გამო, რაც მან გააკეთა მუნიციპალიტეტის შენობაში, ქუთაისში და როცა გვაბრალებენ, თითქოს დიალოგზე არ მივდივართ, მისული ვიყავით რვა ადამიანის შემადგენლობით და თვითონ გაიპარა ამ შეხვედრიდან, ამიტომ ამ შეურაცხმყოფელი ჟესტის გამო, შემდგომ აქციაზე მოვითხოვეთ მისი გადადგომა, თუმცა დღეს ემატება მისი პასუხისმგებლობის საკითხი ამ ნაწილში და აუცილებლად უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე არა მარტო ნათია თურნავასთან, არამედ ყველა იმ პირთან დაკავშირებით, რომელიც ხელს აწერს კონკრეტულ დოკუმენტაციებს ამ პროექტთან მიმართებაში“, – აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა.
აქციის მიმდინარეობა პირდაპირ ეთერში შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს პირველი არხის ვებგვერდზე.