ვარლამ გოლეთიანი - გახარიას ხელმოწერაც არის რიონის ხეობის გადაცემასთან დაკავშირებით, პასუხი უნდა აგოს ყველამ, ვისაც აქვს ხელი მოწერილი
„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, პასუხი უნდა აგოს გიორგი გახარიამაც, „რომლის ხელმოწერაც არის რიონის ხეობის გადაცემასთან დაკავშირებით“.
გოლეთიანის თქმით, „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულების ნაწილში მთელი რიგი პერსონები არიან დასასჯელი და ამის აღიარება უნდა მოხდეს.
„უმნიშვნელოვანესია, რომ ინსტიტუციებს, რომლებიც ფორმალურად მაინც არსებობენ ამ ქვეყანაში, მივანიჭოთ თავიანთი ფუნქცია და ვალდებულება, ვაკონტროლოთ შემდეგ ისინი, რამდენად გამჭვირვალედ წარიმართება ეს პროცესი, თუმცა უნდა მოხდეს აღიარება, რომ ხელისუფლებამ დაუშვა შეცდომა იმ ნაწილში, რაც გულისხმობს „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით გაფორმებულ ხელშეკრულებას და ზოგადად მთელ იქ წარმართულ პროცესს, უნდა მოხდეს აღიარება, რომ აქ არიან დასასჯელი მთელი რიგი პერსონები.
ჩვენ იმისთვის, რომ არ მოხდეს ამ საკითხის პოლიტიზება, თუნდაც ვიცით, რომ ბატონი გახარიას ხელმოწერაც არის რიონის ხეობის გადაცემასთან დაკავშირებით, ვიცით, რომ 121 ლარად გაყიდეს მთელი ხეობა, რატომ, რისთვის და სრულიად დაუსაბუთებლად, ეს ყველამ იცით. ხშირად ხდება აპელირება, თითქოს ჩვენ რაღაც პოლიტიკური ინტერესი გვაქვს და ამიტომ ვაყენებთ თუნდაც მისი პასუხისმგებლობის საკითხს. არა, მეგობრებო, ასე არ არის, ვინც კი დამნაშავეა და ვისაც აქვს ხელი მოწერილი, მან ამ ნიშნით უნდა აგოს პასუხი.
ამიტომ, თუ ვინმეს დღეს პარტიული ძალის ჩამოყალიბება უნდა ამ ქვეყანაში, ბოდიში მასთან, თუ რაღაც დანაშაული აქვს ჩადენილი, ვერ შევიკავებთ თავს, არ ვთქვათ, იმიტომ, რომ ხელი არ შეეშალოს თავისი პარტიული მიზნების განხორციელებაში. ამიტომ ვერ გავიზიარებთ ამ მოსაზრებას, რომ ხელს ვუშლით ამ პროცესს. პირიქით, ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი, რომ დაიშვება პრეცედენტი – დამნაშავეები ბოლოს და ბოლოს დაისჯებიან ამ ქვეყანაში“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
შეგახსენებთ, მანამდე გოლეთიანმა ასევე აღნიშნა, რომ მოითხოვს საქმის აღძვრას ნათია თურნავასა და ყველა იმ პირთან დაკავშირებით, რომელიც ხელს აწერს „ნამახვანჰესის“ პროექტზე დოკუმენტაციებს.