ვარლამ გოლეთიანი - ფინანსების საკითხი სპეკულაციის საგნად რომ არ დარჩეს, დავიქირავეთ აუდიტი, კითხვებს გამჭვირვალედ გაეცემა პასუხი
ვარლამ გოლეთიანი - ფინანსების საკითხი სპეკულაციის საგნად რომ არ დარჩეს, დავიქირავეთ აუდიტი, კითხვებს გამჭვირვალედ გაეცემა პასუხი

ფინანსების საკითხი კიდევ სპეკულაციის საგნად რომ არ დარჩეს, დავიქირავეთ აუდიტი, რომელიც ხარჯებს ყველაფერს დააბალანსებს, რა მოვალეობაც ეკისრება, შეასრულებს და შემდეგ გამოქვეყნდება ეს ყველაფერი ჩვენს ფეისბუქგვერდზე, – ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, დაფინანსებასთან დაკავშირებით კითხვებს გამჭვირვალედ გაეცემა პასუხი.

„დაფინანსებასთან დაკავშირებით არის აგორებული ასე ვთქვათ შავი პიარკამპანია ჩვენი მისამართით. იცით, რომ დაფინანსების პროცესში ჩვენი ემიგრაცია არის ჩართული და ძირითადად მათგან არის დაფინანსება. ჩვენი საზოგადოება, მათ შორის ვინც აქ ვდგავართ, ყველანაირი სახის მონაწილეობას იღებს პროცესში, ფინანსურს, ფიზიკურს, მორალურს, რაც არის უნიკალური შემთხვევა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. პირადად მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო იმ ხალხს, ვინც ასე გულმხურვალედ მონაწილეობს ამაში. ამიტომ ფინანსების საკითხი კიდევ სპეკულაციის საგნად რომ არ დარჩეს, დავიქირავეთ აუდიტი, რომელიც ხარჯებს ყველაფერს დააბალანსებს, რა მოვალეობაც ეკისრება, შეასრულებს და შემდეგ გამოქვეყნდება ეს ყველაფერი ჩვენს ფეისბუქგვერდზე. ამიტომ ამასთან დაკავშირებით რა კითხვაც არსებობს, გამჭვირვალედ გაეცემა პასუხი“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

ვარლამ გოლეთიანის თქმით, სამართლიანი იქნება, ყველა ორგანიზაცია თუ პოლიტიკური პარტია, რომელიც გარკვეული დაფინანსებით არსებობს, ასევე გაასაჯაროებს შემოსავლის შესახებ ინფორმაციას.

„ასევე გამოვედით ინიციატივით, რომ რადგან ჩვენს დაფინანსებაზე ატყდა ასეთი ამბავი და სხვადასხვა ძალას უკავშირებენ, ყველა ადამიანმა, ცალკეულმა პერსონამ, მათ შორის მედიასაშუალებებმა, სხვადასხვა ორგანიზაციამ, პოლიტიკურმა პარტიებმა და ასე შემდეგ, რომლებიც გარკვეული დაფინანსებით არსებობენ, თითოეულმა მათგანმა გაასაჯაროოს თავიანთი შემოსავლის ნუსხა. ეს იქნება აბსოლუტურად სამართლიანი. ვფიქრობ, სამართლიანია, ზოგადად ყველა ერთად მოვექცეთ ამ საერთო წესის ქვეშ. დამერწმუნეთ, ჩვენ არ დაგვაინტერესებდა სხვისი ფინანსები, მაგრამ რადგან ასე დააყენეს საკითხი, ამ შემთხვევაში, სამართლიანია და ჩვენც ეს მოვითხოვეთ“, – აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა.