ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ მთავრობის წარმომადგენლებთან დღევანდელ შეხვედრაზე ტექნიკურ საკითხებს განიხილავენ და ექნებათ ვიდეოგადაღების შესაძლებლობაც
გვრჩება განცდა, რომ ის რეპრესიული დამოკიდებულება, რომელიც არსებობს ჩვენი მისამართით, როგორც ჩანს, ამის მოშლას არ აპირებენ. თუ ეს ასე გაგრძელდება, ჩვენ დიალოგის სივრცეს ვერ ვხედავთ და დიალოგის შემდგომ გაგრძელებაში ამ შემთხვევაში არ ვიქნებით თანახმა, – ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.
როგორც ვარლამ გოლეთიანმა აღნიშნა, დღეს აქციის ორგანიზატორები შეხვდებიან მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, გუბერნატორებსა და დეპუტატებს.
მისივე თქმით, შეხვედრას აქციის ოთხი მონაწილე დაესწრება.
„დღევანდელი საუბარი არ იქნება შინაარსობრივი, არ ვისაუბრებთ ეკონომიკისა და გარემოს დაცვის საკითხებზე. საპატრიარქოს მოწოდება იყო, რომ მხარეები დამსხდარიყვნენ დიალოგზე, ტექნიკურ დეტალებზე შევთანხმდებით. მოლოდინებს ვსაზღვრავთ გუმათში არსებული მდგომარეობით. გამაგრდა დღეს იქ პოლიცია, გაშალეს კარვები და როგორც ჩანს, წასვლას არ აპირებენ. გვრჩება განცდა, რომ ის რეპრესიული დამოკიდებულება, რომელიც არსებობს ჩვენი მისამართით, როგორც ჩანს, ამის მოშლას არ აპირებენ. თუ ეს ასე გაგრძელდება, დიალოგის სივრცეს ვერ ვხედავთ და დიალოგის შემდგომ გაგრძელებაში ამ შემთხვევაში არ ვიქნებით თანახმა“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე კონკრეტულად ჰესის არაშენების საკითხი არ განიხილება.
„აქ უნდა დაიგეგმოს უშუალოდ შეხვედრების ტექნიკური მხარე. რაც შეეხება ნამახვანში მიმდინარე მოვლენებს, ჩვენი მოთხოვნაა, თუკი ზოგადად უნდა ვისაუბროთ გაგრძელდება თუ არა დიალოგი, ხვალ და ზეგ პოლიცია უნდა გამოლაგდეს ხეობიდან. ამის შემდეგ ტექნიკურ დეტალებს გავივლით. პირველადი რაც არის მიწისა და ხელშეკრულების საკითხი და მოვითხოვთ გადაწყვეტილების მიმღები პირების ყოფნას იმ შეხვედრაზე. ეს უნდა იყვნენ ხელისმომწერი და გადაწყვეტილების მიმღები პირები“, – განაცხადა გოლეთიანმა.
როგორც გელეთიანმა აღნიშნა, შეხვედრას მედიის წარმომადგენლები არ დაესწრებიან, თუმცა აქციის მონაწილეებს ვიდეოგადაღების შესაძლებლობა ექნებათ.