თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვარკეთილის 3-ის IIIა მიკრორაიონში, N325 კორპუსის მიმდებარედ არსებულ სკვერს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარა.
აღნიშნულ მისამართზე, მოსახლეობის დახმარებით, რამდენიმე ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა. სკვერის ტერიტორიაზე მოეწყო საბავშვო და სპორტული მოედნები, საფეხმავლო ბილიკები, ძაღლების სასეირნო სივრცე, სასმელი წყლის შადრევანი და საჩრდილობლები; სრულად განახლდა გარე განათება, მოეწყო სარწყავი, სანიაღვრე და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები; დამონტაჟდა სკამები და ურნები.
სამუშაოების ფარგლებში, მოეწყო შვედურ-ქართული მეგობრობის კუთხე და გამოიცვალა შიდა კომუნიკაციები. ასევე, განთავსდა მშრალი ტიპის შადრევანი. აღნიშნულ ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც 15 000-მდე კვადრატულ მეტრს შეადგენს, 500-მდე ძირი სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავი დაირგო. ამასთან, ჰიდროთესვის პრინციპით, დაითესა ბალახი და განხორციელდა ნიადაგის მულჩირების სამუშაოები.
დასრულებული სამუშაოები დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მერის მოადგილე მაია ბითაძესთან ერთად დაათვალიერა.