ვარკეთილში, კალოუბნის ქუჩაზე ავარიული შენობა ათსართულიანი საცხოვრებელი კორპუსით ჩანაცვლდება
ავარიული სახლების ჩანაცვლების პროექტის ფარგლებში, კალოუბნის ქ. N18-ში, სამსართულიანი შენობის ადგილზე მრავალბინიანი, 10-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, პროექტის დასრულების შემდეგ ავარიული სახლების მობინადრეები მიიღებენ გარემონტებულ და ზუსტად იმ ფართის საცხოვრებელ ბინებს, რომლებიც ავარიულ სახლში, მათ საკუთრებაში გააჩნდათ.
თბილისის მერის განცხადებით, საცხოვრებელი სახლის მშენებლობის პერიოდში ადგილობრივი მცხოვრებლები ქირით იქნებიან უზრუნველყოფილი.
„ქალაქში დაახლოებით 10 000-მდე სახლია, რომელთაც ავარიულობის სხვადასხვა კატეგორია აქვს მინიჭებული. ჩვენთვის მოქალაქეთა უსაფრთხოება და აღნიშნული შენობა-ნაგებობების ახალი, თანამედროვე კორპუსებით ჩანაცვლება მნიშვნელოვანია. ყველა იმ ოჯახს, რომლის ავარიული სახლის ჩანაცვლება მოხდება, მუნიციპალიტეტთან შეთანხმების საფუძველზე, გარემონტებული, მოწესრიგებული საცხოვრებელი ფართები დაუბრუნდება. მშენებლობის პროცესში ყველა ოჯახი ქირით იქნება უზრუნველყოფილი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება ახალ პროექტს, თბილისის მერის თქმით, კალოუბნის N18-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით გამოცხადებული ტენდერი დასრულებულია.
„გამოვლენილია გამარჯვებული სამშენებლო კომპანია და მომდევნო დღეების განმავლობაში უკვე სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. დაახლოებით 30 ოჯახი ცხოვრობს ასეთ გაუბედურებულ კორპუსში, რომელიც იყო ავარიული, უმძიმეს მდგომარეობაში და სიცოცხლისთვის საშიში. აღნიშნული ავარიული შენობის ადგილზე კი თანამედროვე საცხოვრებელი სახლი განთავსდება. სამშენებლო სამუშაოების წარმოების ვადა 30 თვეა. მინდა, გთხოვოთ, იაქტიუროთ. ჩვენ მაქსიმალურად დაგიდგებით გვერდში და დაგეხმარებით, რომ ავარიული საცხოვრებელი სახლები ახალი და მოწესრიგებული შენობა-ნაგებობებით ჩავანაცვლოთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა იმ სირთულეებზეც ისაუბრა, რომელსაც მუნიციპალიტეტი აღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებით მოსახლეობასთან მოლაპარაკებების პროცესში აწყდება.
„45 მიმდინარე პროექტი გვაქვს, რომლებიც სხვადასხვა ეტაპზეა. ზოგის მშენებლობა უკვე დაწყებულია, ნაწილი კი სანებართვო პროცედურებს გადის. არის პროექტები, რომლებზეც მოლაპარაკებები მიმდინარეობს. უნდა აღინიშნოს, რომ პროცესში არაერთ სირთულეს ვაწყდებით. მაგალითად, კონკრეტული ადამიანები ითხოვენ იმაზე მეტ საცხოვრებელ ფართს, ვიდრე მათ დღეს გააჩნიათ. ამას მუნიციპალიტეტი ვერ გააკეთებს. გვაქვს სრული მზაობა, რომ ჩანაცვლების შემდეგ ყველა იქ მცხოვრებ ადამიანს საცხოვრებელი ფართები გადაეცეს იმ კვადრატული მეტრობით, რაც დღეს მათ საკუთრებას წარმოადგენს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.