ვარკეთილში, „ანას ბაღთან“ საპროტესტო აქციაზე სიტყვიერი დაპირისპირება იყო [ფოტო]
ვარკეთილში, „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მოსახლეობა კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს, მშენებელი კომპანიის წარმომადგენელსა და „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენელ ლაშა ჩხარტიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
„ციხეში იქნებით კალაძესთან ერთად, ეგ არის თქვენი ბოლო, კანონიერად მოხვდებით ციხეში, სირცხვილია ხალხის ხარჯზე ფულის შოვნა“ ,- მიმართა კომპანიის წარმომადგენელს ლაშა ჩხარტიშვილმა.
საპასუხოდ, კომპანიის წარმომადგენელმა გიორგი ბენაშვილმა განაცხადა, რომ ლაშა ჩხარტიშვილის მხრიდან კანონზე ლაპარაკი სირცხვილი იყო.
გიორგი ბენაშვილმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ კომპანიისთვის ადგილმონაცვლეობა ხელსაყრელი არ არის. მისივე განმარტებით, კანონის სრული დაცვით მოქმედებენ და სამუშაოები აუცილებლად გაგრძელდება.
„ადგილმონაცვლეობასთან დაკავშირებით კომპანიის პოზიციაა, რომ არ გვაწყობს ადგილმონაცვლეობა. კანონის სრული დაცვით ვმოქმედებთ, აუცილებლად გავაგრძელებთ მუშაობას, დავამთავრებთ მშენებლობას. 10-სართულიან შენობაზეა საუბარი, დაახლოებით წელიწადნახევარში უნდა დასრულდეს. ყველა საგზაო სტანდარტი დაცულია, არანაირ გზას არ კეტავს, არანაირი პრობლემა არ ექნება მოსახლეობას. ესენი არ გვაძლევენ მუშაობის საშუალებას ხულიგნობით. კერძო მესაკუთრის უფლებას ზრუდავენ“ ,- განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.