ვარკეთილში, „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია გაიმართა [ფოტო]
ვარკეთილში, „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე კორპუსის წინ, მოსახლეობამ მცირე ზომის სკვერი მოაწყო, რომელიც სამშენებლო კომპანის წარმომადგენლებმა დაშალეს.
ადგილობრივი მცხოვრების, ლევან ქართველიშვილის განცხადებით, სკვერი პარტიზანულად გააშენეს და ამით სურდათ დაეფიქსირებინათ, რომ ბავშვებს სჭირდებათ სივრცე, სათამაშო ადგილი.
„ჩვენ პარტიზანულად გავაშენეთ აქ ერთ ღამეში სკვერი, რათა დაგვეფიქსირებინა, რომ გვჭირდება სივრცე, ბავშვებს სჭირდებათ სათამაშო ადგილი და არა ბეტონის ჯუნგლები. მოვიდა დღეს და სამშენებლო კომპანიამ დაცვის კომპანია “გისონის” თანამშრომლებთან ერთად დაარბია ეს სკვერი. არ ჰქონდათ ამის უფლება, ჯერ უნდა გაერკვიათ, კანონიერია თუ არა ეს სკვერი“,- განაცხადა ლევან ქართველიშვილმა.
კომპანიაში კი ამბობენ, რომ ტერიტორია მათ ეკუთვნით და მისახლეობამ იქ თვითნებურად მოაწყო სკვერი.
მათივე თქმით, პროვოკაციების უკან გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები დგანან.
„ტერიტორია არის ჩვენს მფლობელობაში. დაადასტურა მერიის გენინსპექციამ. ეს იყო კანონის დარღვევით, სახელდახელოდ მოწყობილი სკვერი. ჩვენ დაუზიანებლად მოვხსენით თავისი ნივთები და გადავუდეთ გვერდით. შემოვღობეთ ტერიტორია, რომ მომავალში მათი მხრიდან პროვოკაციები ავიცილოთ. ეს არის სოროსის დაფინანსებით სახელდახელოდ მოწყობილო სკვერი. არავის ადარდებს ანას სკვერი პატარავდება თუ დიდდება, ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული“ ,- აღნიშნა ევროპული სამშენებლო ჰოლდინგის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, გიორგი ბენაშვილმა.
ადგილზე დილიდან იმყოფებოდნენ მოძრაობა „შეცვალეს“ წარმომადგენლები. აქციის მონაწილეებმა ამ დროისთვის დედაქალაქის მერიასთან გადაინაცვლეს.