ვარკეთილში აკრძალული ღია კამერიანი გამათბობლით ორი არასრულწლოვანი მოიწამლა
თბილისში გაქირავებულ ბინაში CO-თი (ცეოთი) ორი არასრულწლოვანი მოიწამლა, – ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს. კომპანიის ცნობით, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ ვარკეთილში მოხდა.
„თბილისი ენერჯის“ ცხელ ხაზზე შეტყობინება შევიდა, რომ ვარკეთილის რაიონში, ერთ-ერთ მისამართზე ორი მცირეწლოვანი ბავშვი ინტოქსიკაციით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ეჭვი ცეოზე იყო. მისამართზე გასულმა სწრაფი რეაგირების ჯგუფმა გაზის გაჟონვა ვერსად დააფიქსირა. თუმცა აღმოჩნდა, რომ გაქირავებულ ბინაში, სადაც ორი მცირეწლოვანი მოიწამლა და სიკვდილს გადარჩა, აკრძალული და მკვლელი ღია კამერიანი გამათბობელი იყო დამონტაჟებული. ბავშვების ინტოქსიკაციის მიზეზიც ეს ღია წვის კამერიანი გამათბობელი აღმოჩნდა. ასევე დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე „თბილისი ენერჯის“ ჯგუფმა ერთხელ უკვე ჩაჭრა მკვლელი და საშიში დანადგარი. თუმცა მოგვიანებით იგივე დანადგარი თვითნებურად დააერთეს ქსელზე“,- აცხადებენ კომპანიაში.
„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, სტატისტიკურად მოწამვლის და გარდაცვალების 70 პროცენტი გაქირავებულ ან დაგირავებულ ბინებში ხდება.
„გაქირავებულ ან დაგირავებულ ბინებში ბინის მეპატრონეები არ იცავენ გაზის უსაფრთხოდ მოხმარების წესებს და მკვლელ ღია კამერიან დანადგარებს ამონტაჟებენ ბინაში, შემდეგ კი აქირავებენ .
კომპანია „თბილისი ენერჯი“ კატეგორიულად გაფრთხილებთ – ღია წვის კამერიანი დანადგარები სახიფათოა თქვენი სიცოცხლისათვის. გაითვალისწინეთ სპეციალისტების რჩევები და არ დააერთოთ თვითნებურად ჩახსნილი დანადგარები. ხშირად გაანიავეთ ფართი და არ დატოვოთ უყურადღებოდ გაზის დანადგარები“,- აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.