ვარკეთილში 8 აგვისტოს მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს
ვარკეთილში მკვლელობის საქმეზე დაკავებული პირი დუმილის უფლებას იყენებს. დაკავებულის ადვოკატის ნანა ფილაურის განცხადებით, ბრალდებული 25 აგვისტოს სამართალდამცველებს თავად ჩაბარდა. გუშინ კი, სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
ნანა ფილაურის განცხადებით, მას მოკლული მამაკაცის მეუღლისთვის თავისუფლება არ აღუკვეთავს, როგორც ამას გამოძიება ამბობს და ეს ქმედება დანაშაულის ადგილიდან განრიდება იყო. მისივე თქმით, ამ პირმა მომხდარიდან ორი კვირის შემდეგ, მას მერე მიიღო გადაწყვეტილება, რომ სამართალდამცველებს ჩაბარებოდა, რაც მომხდარი ფაქტი გაანალიზა.
კითხვაზე, აღიარებს თუ არა დაკავებული პირი მისთვის წარდგენილ ბრალდებას, რომელიც განხრახ მკვლელობას და მკვლელობის მცდელობას ეხება, ადვოკატი ამბობს რომ ჩვენებასთან დაკავშირებით ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ და ეს მას შემდეგ მოხდება, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფს შეხვდება.
ადვოკატი ასევე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ეს პირი ნასამართლევია, ხოლო მოკლული მამაკაცის მეუღლე მკვლელობის თანამონაწილეა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვარკეთილის დასახლებაში მომხდარი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის ძებნილი, 1989 წელს დაბადებული ც.გ. გარდაბანში დააკავა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 8 აგვისტოს, ღამით, შურისძიების ნიადაგზე, 1977 წელს დაბადებულ გ.ფ.-ს, მისსავე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, მკვლელობის დროს სადარბაზოში შემთხვევით შესული 1970 წელს დაბადებული ლ.ქ. კი, დაჭრა. ამის შემდეგ, ც.გ.-მ გ.ფ.-ს მეუღლე – 1985 წელს დაბადებული თ.ბ. გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მასთან ერთად მიიმალა.
მიყენებული ჭრილობის შედეგად, გ.ფ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ლ.ქ. დაუყოვნებლივ იქნა გადაყვანილი სამკურნალო დაწესებულებაში. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.
„სამართალდამცველებმა გატაცებული ქალი მომხდარიდან რამდენიმე საათში, თბილისში, მნათობის ქუჩის ტერიტორიაზე იპოვეს. თ.ბ.-ს სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა, რის გამოც იგი გადაიყვანეს სამკურნალო დაწესებულებაში შემდგომი რეაბილიტაციის მიზნით“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.