ვარკეთილის მე-3 მასივში ავარიული კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს
შენობის მძიმე ავარიულობისა და ნგრევის საფრთხის გამო, სამგორის რაიონში, ვარკეთილის მე-3 მასივის მე-8 კვარტალში მდებარე N12 კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.
როგორც სამგორის რაიონის გამგეობაში აცხადებენ, თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიისა და სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ კორპუსს მინიჭებული ჰქონდა დაზიანების მეოთხე ხარისხი და ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკება მოსახლეობასთან ქირით გასვლის თაობაზე.
„მოსახლეობას არაერთხელ გაეგზავნა გაფრთხილება, მოეძებნათ დროებითი საცხოვრებელი ბინები, რომელთა დაფინანსებასაც უზრუნველყოფდა სამგორის გამგეობა. სამწუხაროდ, მხოლოდ ხუთი ოჯახი დათანხმდა გამგეობის წინადადებას და ისინი ქირით არიან უზრუნველყოფილნი.
კორპუსში მცხოვრები დანარჩენი 30 ოჯახი დღეს დატოვებს საცხოვრებელ ადგილს. სამგორის გამგეობა მათ გადაანაწილებს სასტუმროებში, ვიდრე არ მოძებნიან დროებით საცხოვრებელ ბინებს და არ ჩაერთვებიან ქირით უზრუნველყოფის პროგრამაში.
ადგილზე მობილიზებულია თბილისის მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური“, – აღნიშნულია სამგორის რაიონის გამგეობის განცხადებაში.
როგორც კორპუსის მაცხოვრებლებმა საქართველოს პირველ არხთან საუბარში განაცხადეს, შენობა უკვე რამდენიმე წელია, რაც ავარიულია, დღეს კი შუადღისას, კორპუსის დანგრევის საფრთხის გამო, კერძოდ ფართის ავარიულობის დამძიმების გამო, ლაბორატორიის დასკვნის საფუძველზე, მერიის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, სამგორის რაიონის გამგეობამ მიიღო გადაწყვეტილება, მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მომხდარიყო აღნიშნული კორპუსიდან ხალხის ევაკუაცია.
კორპუსში ჯამში 35 ოჯახი ცხოვრობს. შარშან ხუთი ოჯახი გაყვანილი იყო ბინის ქირის უზრუნველყოფის პროგრამით, 15 ოჯახი – ჯამში 50 ადამიანი უკვე დროებით სასტუმროშია გადაყვანილი. დანარჩენები კი ამ ეტაპზე კორპუსში არ იმყოფებოდნენ.