„ვარდების რევოლუციის“ მე-19 წლისთავთან დაკავშირებით, პარლამენტთან აქცია გაიმართა
„ვარდების რევოლუციის“ მე-19 წლისთავთან დაკავშირებით, პარლამენტის შენობასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციაზე შეკრებილებმა სააკაშვილის გათავისუფლება მოითხოვეს.
აქციაზე არ გამოჩენილან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები. იქ იმყოფებოდა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე წარმომადგენელი, მათ შორის პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატი გიორგი მუმლაძე, ასევე რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრთა ნაწილის განცხადებით, აღნიშნული ღონისძიება არ იყო მათი მხრიდან დაგეგმილი და მათთვის ეს ფორმატი უცნობია.
აქციაზე მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატის, გიორგი მუმლაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება ქართველი ერის პიროვნული და ეროვნული ღირსების საკითხია.
როგორც გიორგი მუმლაძემ აქციის მიმდინარეობისას ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სრულად იზიარებს ვარდების რევოლუციის იდეებს და მიაჩნია, რომ ყველა ადამიანი, ვინც ასევე ფიქრობს, აქციაზე უნდა იყოს.
„მერაბის, ზვიადის დაწყებული საქმე გაგრძელდა მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის მიერ. მიხეილ სააკაშვილი დღეს არის პატიმრობაში, პუტინის პირად ტყვეობაშია და მისი გათავისუფლება არის ჩვენი ერის პიროვნული და ეროვნული ღირსების საკითხი. სრულად ვიზიარებ ვარდების რევოლუციის იდეებსა და სულისკვეთებას, დაწყებული საქმე უნდა გაგრძელდეს და მივიდეს ბოლომდე. ვფიქრობ, ყველა ის ადამიანი, ვინც ამ იდეებს იზიარებს, აქ უნდა იყოს“, – განაცხადა გიორგი მუმლაძემ.
ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ნადირაძის თქმით, სრულად უერთდება ყველა აქციას, რომელიც ეხება მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას და საზღვარგარეთ მის გადაყვანას.
„აქ მოვედი, როგორც რიგითი მოქალაქე, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი. ყველა აქციას, რომელიც ეხება მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებასა და მის გადაყვანას, ჩვენ, რიგითი მხარდამჭერები ვიქნებით თუ კანდიდატები, ვუერთდებით ყველანაირად“, – აღნიშნა ირაკლი ნადირაძემ.
აქციის ორგანიზატორებმა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი მომდევნო აქცია კვირას, 27 ნოემბერს დააანონსეს.