ვარდების მოედნისთვის სახელის შეცვლას საკრებულო დღეს უყრის კენჭს
ვარდების მოედნისთვის სახელის შეცვლას საკრებულო დღეს უყრის კენჭს

თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ვარდების მოედნისთვის სახელის შეცვლის საკითხის კენჭისყრაა დაგეგმილი.

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია ვარდების მოედნისთვის ახალ სახელზე ორი დღის წინ შეჯერდა. კომისიის გადაწყვეტილებით, მოედანს პირველი რესპუბლიკის სახელი ეწოდება.

კომისიის თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა კიდევ ერთხელ ახსნა კონკრეტულად ამ სახელის არჩევის მიზეზი. მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ 26 მაისს სრულდება 100 წელი საქართველოს პირველი რესპუბლიკის გამოცხადებიდან, კომისიის წევრთა უმრავლესობა ამ სახელზე შეჯერდა.

სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომას პროტესტის ნიშნად არ დასწრებიან ფრაქციების „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები.

მათი თქმით, საკრებულოს უმრავლესობა ვარდების რევოლუციის მომენტს ებრძვის საქართველოს ისტორიაში.