ვაქცინაციის საბჭო დღეს „ასტრაზენეკაზე“ ასაკის დაწევის და „სინოვაკით“ ვაქცინაციის საკითხებს განიხილავს
ვაქცინაციის საბჭო დღეს „ასტრაზენეკაზე“ ასაკის დაწევის და „სინოვაკით“ ვაქცინაციის საკითხებს განიხილავს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროში ვაქცინაციის საბჭოს დღევანდელ სხდომაზე „ასტრაზენეკაზე“ ასაკის დაწევასა და „სინოვაკით“ ვაქცინაციის დაწყების საკითხებზე იმსჯელებენ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ვაქცინაზე მოთხოვნილება სჭარბობს მიწოდებას, რაც უნდა დაბალანსდეს.

„დღეს სამინისტროში ვაქცინაციის საბჭო გაიმართება, სადაც განხილული იქნება რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის „ასტრაზენეკაზე“ ასაკის დაწევის და „სინოვაკის“ ადმინისტრირების დაწყების საკითხი. დღევანდელ ეტაპზე უკვე მოთხოვნილება სჭარბობს მიწოდებას და ჩვენ ეს როგორმე უნდა დავაბალანსოთ. დღეს განიხილება 100 ათასი დოზა „სინოვაკის“ უკვე ამუშავება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, გამყრელიძემ განაცხადა, რომ არ გამორიცხავს, ქვეყანაში „სინოვაკით“ ვაქცინაცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციამდე დაიწყოს.

„არ გამოვრიცხავ, არგუმენტი ამისთვის არსებობს. პირველი, როგორც ჯანმრთელობის ორგანიზაციის შესაბამის პორტალზე ქვეყნდება, მალე იქნება განხილვა. მეორე, ის უკვე ადმინისტრირდება 32 ქვეყანაში და დაახლოებით 160-170 მილიონ დოზაზე მეტია გამოყენებული, ასევე ფართოდ გამოიყენება ჩვენ ირგვლივ ქვეყნებში და რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში. საბჭო იმსჯელებს და მიიღებს გადაწყვეტილებას დაწყების ან დალოდების შესახებ“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.