ვანო ზარდიაშვილი - ნარკორეალიზატორებისადმი ლოიალურად განწყობილი პრეზიდენტი „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატს კონკურენციას ვერ გაუწევს
ვანო ზარდიაშვილი - ნარკორეალიზატორებისადმი ლოიალურად განწყობილი პრეზიდენტი „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატს კონკურენციას ვერ გაუწევს

ნარკორეალიზატორებისადმი ლოიალურად განწყობილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატს კონკურენციას ვერ გაუწევს, – ეს განცხადება უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ვანო ზარდიაშვილმა ოპოზიციის მიერ ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატად გიორგი მარგველაშვილის შესაძლო დასახელებაზე კომენტირებისას გააკეთა.

ზარდიაშვილი გიორგი მარგველაშვილს მოუწოდებს, საზოგადოებას უპასუხოს, რატომ შეიწყალა 10 ათასი აბი ნარკოტიკის შემოტანისთვის ბრალდებული ადამიანი.

“გეტყვით, რომ ნარკორეალიზატორებისადმი ლოიალურად განწყობილი პრეზიდენტი არ მგონია, რომ “ქართული ოცნების” რომელიმე კანდიდატს რაიმე კონკურენციას გაუწევს. გიორგი მარგველაშვილმა ჩემი აზრით, ჯერ პასუხი საზოგადოების იმ კითხვას უნდა გასცეს, რომელიც შეეხება 10 ათასი აბი ნარკოტიკის შემოტანისთვის ბრალდებული ადამიანის შეწყალებას. გიორგი მარგველაშვილი კითხვას იმიტომ არიდებს თავს, რომ ამ საქმეში ყველაფერი მთლად სუფთად არ არის, საზოგადოებაში ამ საქმესთან დაკავშირებით ბევრი მითქმა-მოთქმაა. პრეზიდენტი, რომელიც ქვეყნის მთავარსარდალი და ქვეყნის მმართველია, საზოგადოებას პასუხი უნდა გასცეს. შეწყალების ერთადერთი მიზანია, რომ შემწყალებელმა მიიჩნია, ეს ადამიანი საზოგადოებისთვის რისკის მატარებელი აღარ იყო. ჩვენ ვიხილეთ, რომ ამ შემთხვევაში ირაკლი ქორიძემ ორმაგი და სამმაგი დანაშაული ჩაიდინა. პასუხი, რომ ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს, ძალიან არასერიოზულია”, – აცხადებს ზარდიაშვილი.

ირაკლი ქორიძე, რომელიც გიორგი მარგველაშვილმა 2014 წელს შეიწყალა, რამდენიმე კირის წინ თურქეთიდან რეანომობილით 900 აბი ნარკოტიკის შემოტანის ორგანიზების ბრალდებით დააკავეს. ქორიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.