ვანო ზარდიაშვილი - ირაკლი კობახიძე პარლამენტარიზმის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო თავმჯდომარეა
ირაკლი კობახიძე პარლამენტარიზმის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო თავმჯდომარეა, – ამის შესახებ დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა ირაკლი კობახიძის მიმართ ეკა ბესელიას კრიტიკის საპასუხოდ პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, კობახიძის თავმჯდომარეობით პარლამენტმა დემოკრატიული და გამჭვირვალე კონსტიტუცია მიიღო.
ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძე არ არის პარლამენტის ღირსეული თავმჯდომარე, რადგან მან ვერ შეძლო პარლამენტის ღირსების დაცვა.
როგორც ვანო ზარდიაშვილმა აღნიშნა, ვინც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს არაკომპეტენტურს უწოდებს, მინიმუმ იმავე სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს, რასაც ირაკლი კობახიძე.
„კობახიძე პარლამენტარიზმის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო თავმჯდომარეა, რაც მიიღო ვენეციის კომისიის მიერ აღიარებული, ყველაზე ღირსეული, დემოკრატიული, გამჭვირვალე კონსტიტუცია. შესაბამისად, ირაკლი კობახიძესთან მიმართებით მსგავს შეფასებას არ ვიზიარებ. მიმაჩნია, რომ ირაკლი კობახიძე არის პატიოსანი, ღირსეული, სამშობლოს მოყვარული და კომპეტენტური ადამიანი. ხოლო ვინც ირაკლი კობახიძეს აფასებს, რომ ის არ არის კომპეტენტური, როგორც მინიმუმ, იმავე სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს“, – განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.
ვანო ზარდიაშვილს ეკა ბესელიას მიერ უმრავლესობის დატოვებასთან დაკავშირებითაც ჰკითხეს. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, გუნდიდან ეკა ბესელიას წასვლას დანაკარგად არ მიიჩნევს.
„ეკა ბასელიამ თავის წასვლის მიზეზად უკვე მრავალი მიზეზი დაასახელა, აქედან გამომდინარე ეჭვი მეპარება, რომ რაიმე კონკრეტულს უკავშირდებოდეს ეკას. მე იმისთვის წავედი, რომ მისი წასვლისთვის ხელი არ შემეშალა“, – განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.