ვანო ზარდიაშვილი - ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნება „ქართულ ოცნებას“ ცალსახად გააძლიერებს
ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნება „ქართულ ოცნებას“ ცალსახად გააძლიერებს, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, ვანო ზარდიაშვილმა განაცხადა.
მისი შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილი ძალიან წარმატებული შინაგან საქმეთა და პრემიერ-მინისტრი იყო.
„ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას ყველა ერთხმად მივესალმებით. „ქართული ოცნების“ გუნდს აუცილებლად გააძლიერებს“, – განცხადა ზარდიაშვილმა.
კითხვაზე, შეიძლება თუ არა „ქართულმა ოცნებამ“ ირაკლი ღარიბაშვილი მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში დეპუტატობის კანდიდატად წარადგინოს, დეპუტატი ამბობს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
„ვერ გეტყვით. ამასთან დაკავშირებით წინასწარმეტყველობას არ დავიწყებ. ეს ინფორმაცია არ მაქვს. მას პარტიაში საკმაოდ დიდი და საინტერესო პოზიცია ჩააბარეს. შესაბამისად, ირაკლი ღარიბაშვილს ამ პოზიციაზე წარმატებას ვუსურვებ. მჯერა, რომ ღარიბაშვილის მოღვაწეობა ნებისმიერ პოზიციაზე ჩვენი გუნდისთვის ხელსაყრელი, გაძლიერების და წარმატების მომტანი იქნება“, – განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ქართულ ოცნებაში“ დაბრუნდა. ის პარტიის პოლიტიკური მდივნის თანამდებობას დაიკავებს.