ვანო ზარდიაშვილი - იმედია, ნიკა გვარამია არ იტყვის, რომ მეც მოვახდინე სტრასბურგის სასამართლოზე ზეწოლა
იმედია, „რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორი ნიკა გვარამია არ იტყვის, რომ სტრასბურგის სასამართლოზე მეც მოვახდინე ზეწოლა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვანო ზარდიაშვილმა განუცხადა, რომელიც ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
დეპუტატის თქმით, ქართული მართლმსაჯულების უპრეცედენტოდ მაღალი ხარისხი დადასტურდა, რასაც ხელისუფლება მუდმივად ამტკიცებდა, რომ სასამართლო მუშაობს დამოუკიდებლად, ეფექტიანად და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აქვს საშუალება, დაიცვას როგორც კერძო საკუთრების უფლება, ასევე დაცული იყოს ადამიანის უფლებები.
„ევროსასამართლომ ხაზგასმით თქვა, რომ ქართული მართლმსაჯულების სისტემა გამართულად და ეფექტიანად მუშაობს. სამწუხაროდ, არასამთავრობო სექტორი „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელთან ერთად მუდმივ სინქრონში იყო, რომლებიც სასამართლოს დისკრედიტაციას მიზანმიმართულად ახორციელებდნენ. მათი შეფასება ძალიან საინტერესო იქნება და იმის ანალიზიც, თუ რა მოხდა და რაში იყო საქმე. რაც შეეხება სარედაქციო პოლიტიკასა და დამოუკიდებლობას, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლითანავე საქართველოში გარანტი იყო სიტყვის თავისუფლებისა და მედიაპლურალიზმის. ასე გაგრძელდება და ყველა მედიასაშუალებას შესაძლებლობა ექნება, თავისი საქმიანობა დამოუკიდებელ და თავისუფალ სივრცეში განახორციელოს. რაც შეეხება ანონიმურ წერილს, „რუსთავი 2“-ში შესული ანონიმური წერილები იქნება ნიკა გვარამიას ბინძური ნაყოფის წყარო. ეს დაკავშირებული იქნება ნიკა გვარამიას ფანტაზიებთან“, – განაცხადა დეპუტატმა.
ზარდიაშვილის მოსაზრებით, მნიშვნელოვანია, არსებობდეს კრიტიკული „რუსთავი 2“.
„მისი დამცველები ვიქნებით ყველა ჩვენთაგანი. „რუსთავი 2“კერძო მესაკუთრის ხელში იქნება და იქნება დამოუკიდებელი. ვიქნებით გარანტი, რომ სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვალოს. მომწონს მედიასაშუალებების კრიტიკული დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ, მაგრამ ძალიან არ მომწონს ცილისწამებლური, ტყუილზე აწყობილი კამპანია, რომელსაც ხშირ შემთხვევაში, ნიკა გვარამია ახორციელებდა. არაერთი ცილისწამებლური კამპანია ვიხილეთ, თუნდაც, მე ვარ მსხვერპლი ცილისწამებლური კამპანიის. იმედია, ნიკა გვარამია არ იტყვის, რომ სტრასბურგის სასამართლოზე მეც მოვახდინე ზეწოლა“, – აღნიშნა ზარდიაშვილმა.
ამასთან, ზარდიაშვილი „რუსთავი 2“-ის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა.
„ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ ნაკლები სანდობაა მაქვს. ვუყურებთ მის ურთიერთობას მიხეილ სააკაშვილთან. ვიცით, რა გაუკეთა სააკაშვილმა, ციხეში გამოკეტა. მისი კომენტარები ვნახეთ და დღეს ისევ ერთად არიან. ქართულ საზოგადოებაში სააკაშვილისა და ოქრუაშვილის ურთიერთობას დადებითად არ აფასებენ“, – დასძინა დეპუტატმა, ვანო ზარდიაშვილმა.