ვანო ზარდიაშვილი - დამიჯერეთ, ნაზი ჯანეზაშვილისა და ანა დოლიძის ქონება უფრო უკეთესად გამოიყურება, ვიდრე თამარ ალანიასა და დიმიტრი გრიტიშვილის
დამიჯერეთ, რომ ნაზი ჯანეზაშვილისა და ანა დოლიძის ქონება უფრო უკეთესად გამოიყურება, ვიდრე თამარ ალანიას, დიმიტრი გრიტიშვილისა და მამია ფხალაძის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვანო ზარდიაშვილმა განაცხადა.
„რადგან არასამთავრობოებმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ქონება ამოიღეს და ეს სამსჯელო გახადეს, თვალი გადავავლე ნაზი ჯანეზაშვილის ქონებას, რომელიც შთამბეჭდავად გამოიყურება. მერწმუნეთ და დამიჯერეთ, რომ ნაზი ჯანეზაშვილისა და ანა დოლიძის ქონება უფრო უკეთესად გამოიყურება, ვიდრე თამარ ალანიას, დიმიტრი გვრიტიშვილის და მამია ფხალაძის ქონებები“, – განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.
დეპუტატი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს მოუწოდებს, შემოსავლები ნაზი ჯანეზაშვილსა და ანა დოლიძესაც დაასაბუთებინონ.
„საპარლამენტო კომისიის შექმნის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნა აბსურდულია ერთი მარტივი მიზეზის გამო, ეს დეკლარირებული ქონებაა. ეს ქონება მათ ოჯახურ დეკლარაციაშია ასახული. იქ დასაბუთებები და შემოსავლები ნათლად არის ნაჩვენები. სამწუხაროა, რომ არასამთავრობო სექტორი ყურადღებას არ უთმობს იმ უაღრესად პოზიტიურ, ძალიან დიდ კვლევებს, რომელიც სასამართლოსთან მიმართებაში გაკეთდა და ისინი ამ საკითხის გადაფარვას მიზანმიმართულად ცდილობენ“, – განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.