აბსურდულია, რომ სასამართლოს ვმართავ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვანო ზარდიაშვილმა განუცხადა.
დეპუტატს მედიის წარმომადგენლებმა კითხვებით მიმართეს როგორც სასამართლოში მიმდინარე პროცესების მიმართულებით, ასევე ეკა ბესელიასთან დაპირისპირების თაობაზე. ზარდიაშვილი აცხადებს, რომ მისი მხრიდან შეუძლებელია სასამართლოს მართვა.
„ვინც კონსტიტუციასა და სამართლებრივ ჩარჩოებს იცნობს, ეცოდინება, რომ ეს შეუძლებელია. ეს არის პოლიტიკური ბრალდებები, ცილისწამება და არა სამართლებრივად განხორციელებადი. მოსამართლეებთან შეხვედრა რუსთაველის გამზირზე, ქაშუეთის ეკლესიის წინ, განათებულ ადგილას მოხდა. აქედან გამომდინარე, ფარულ შეხვედრებზე საუბარი ზედმეტია“, – განაცხადა ზარდიაშვილმა.
დეპუტატი ფარული ჩანაწერების გავრცელებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ამორალური საქციელია, ხოლო მისი გადამღებიც და გამავრცელებელიც უმკაცრეს სასჯელს იმსახურებს.
„პირობას გაძლევთ, რომ ეკა ბესელიასთან ერთად გამოძიების დასრულებას მოვითხოვ და შედეგებს ერთად ვნახავთ. გულწრფელად რომ გითხრათ, კადრების გავრცელება „ნაციონალების“ ინტერესში შედის და თუ პორტირებულებს ეხებით, ეს შესაძლოა „ოცნებიდან“ პორტირებულების ინტერესებში შედიოდეს“, – აღნიშნა დეპუტატმა.
ვანო ზარდიაშვილი კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას, რომ მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა ჩატარდა.
„ამ მიმართულებით პრობლემა სამართლის ცოდნასთან გვაქვს. ადვილად შეგიძლიათ მიხვდეთ, რომ ეს ინფორმაცია ჭორია, რადგან ამ ქმედებას 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება“, – აღნიშნა ზარდიაშვილმა.
ზარდიაშვილმა ასევე უარყო ინფორმაცია, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრობის შესახებ.
„არ ვთვლი, რომ „ნაციონალური მოძრაობიდან“ პორტირებული ვარ, რადგან ამ პარტიის წევრი არასოდეს ვყოფილვარ. ჩვენს გუნდშიც ნახავთ იმ პირებს, რომელთაც უფრო დიდი თანამდებობა ეკავათ. ჩემი დაკავშირება ცხრა წლის წინანდელ ხელისუფლებასთან, პოლიტიკური პროცესია, რადგან მე საჯარო მოხელე ვიყავი. რაც შეეხება უმრავლესობის სხდომებს, თქვენ ერთპროცენტიანი ინფორმაცია გაქვთ იმისა, რაც იქ რეალურად მოხდა. ვიღაცის ინტერესია, ინფორმაცია დამახინჯებული ფორმით გამოვიდეს“, – დასძინა ზარდიაშვილმა.