საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილისთვის ჩატარებული გამოკვლევების შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს.
„სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ ივანე მერაბიშვილის ადვოკატების მორიგ განცხადებას პასუხობს. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ივანე მერაბიშვილის დიაგნოზი მხოლოდ მას შემდეგ გაასაჯაროვა, რაც ის თავად მსჯავრდებულის ადვოკატებმა გახადეს საჯარო და უფრო მეტიც, დაიწყეს როგორც პატიმრის ოჯახის, ასევე საზოგადოების შეცდომაში შეყვანა მსჯავრდებულის მდგომარეობასთან დაკავშირებით.
ივანე მერაბიშვილის ადვოკატებისა და მხარდამჭერების მიერ მის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ჩატარებულ მკურნალობასთან დაკავშირებით გაკეთებული ცილისმწამებლური განცხადებები ზიანს აყენებს ისეთ სახელმწიფო დაწესებულება, რომელიც სრულიად აპოლიტიკურია და რომელსაც ათასობით პატიმრის ბედი აქვს მინდობილი.
შესაბამისად, სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ საჯაროდ აცხადებს, რომ განცხადება, თითქოს მსჯავრდებულს მკურნალობა არ უტარდება არის მიზანმიმართული სიცრუე, რომლის საპირისპიროდაც, მიზანშეწონილად ვთვლით, საზოგადოებას მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია მერაბიშვილისთვის ჩატარებული მკურნალობის შესახებ.
იმედს გამოვთქვამთ, ამით წერტილი დაესმება პატიმრობაში მყოფი პირის ჯანმრთელობით პოლიტიკური მანიპულაციების მცდელობას.
მიმდინარე წლის 3 აგვისტოს ივანე მერაბიშვილმა პირველად მიმართა პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალს ჩივილებით: სუნთქვის გაძნელება, ტკივილი და წვა შუბლისა და ჰაიმორის წიაღის არეში, გამონადენი ცხვირის ღრუდან. ექიმის მიერ მიეცა რეკომენდაცია მედიკამენტური მკურნალობის თაობაზე პრეპარატებით – ნაზონექსი, კოკლავი სინუპრეტ – ფორტე. დაიგეგმა ოტო-რინო-ლარინგოლოგის კონსულტაცია და ცხვირის დანამატი წიაღების რენტგენოგრაფია.
6 აგვისტოს მსჯავრდებულს ოტო-რინო-ლარინგოლოგის კონსულტაცია ჩაუტარდა, მიეცა რეკომენდაცია – ცხვირის ღრუს დათვალიერება რინოსკოპით.
7 აგვისტოს გაკეთდა ცხვირის დანამატი წიაღების რენტგენოგრაფია. ასევე, ივანე მერაბიშვილს ნევროპათოლოგის კონსულტაცია გაეწია და დაესვა დიაგნოზი: სამწვერა ნერვის I, II ტოტების ირიტაცია. ამასთან, დაიგეგმა ოფთალმოლოგის კონსულტაცია. ნევროლოგის დანიშნულებით გაუგრძელდა მკურნალობა.
13 აგვისტოს მსჯავრდებულს ოფთალმოლოგის კონსულტაცია გაეწია და დაესვა დიაგნოზი: კონიუნქტივიტი, ბლეფარიტი; მიეცა დანიშნულება, რომელიც მიეწოდა 14 აგვისტოს.
მსჯავრდებული ივანე მერაბიშვილი, ოტო-რინო-ლარინგოლოგის რეკომენდაციის საფუძველზე, მიმდინარე წლის 15 აგვისტოს, გაყვანილ იქნა ” ყელ-ყურ ცხვირის სნეულებათა ეროვნულ ცენტრი ჯაფარიძე – ქევანიშვილის კლინიკა”-ში, დამატებითი კონსულტაციისა და გამოკვლევების მიზნით, სადაც ჩაუტარდა ოტო-რინო-ლარინგოლოგის კონსულტაცია და შესაბამისი გამოკვლევები. დაუდგინდა დიაგნოზი: ვაზომოტორული რინიტი და დაენიშნა მკურნალობა: ნაზონექსი 60 დღე, ნიქსარი 14დღე. მკურნალობა დაიწყო დროულად.
მიმდინარე წლის 17 აგვისტოს, ოკულისტის რეკომენდაციის საფუძველზე, მსჯავრდებული ” ჩიჩუების სამედიცინო ცენტრში” დამატებითი კონსულტაციისა და გამოკვლევების მიზნით გადაიყვანეს. ჩატარებული სამედიცინო გამოკვლევების შედეგად მას დაუდგინდა დიაგნოზი: ქრონიკული ბლეფარო-კონიუნქტივიტი და დაენიშნა მკურნალობა: ბლეფარეტეს ერთჯერადი თვალსაწმენდი – 1თვე; კეტოფტილი- 3კვირა; რონიკი- 2კვირა; მაქსიდექსის თვალის მალამო – 1თვე. დანიშნულება მიეწოდა დროულად.
29 აგვისტოს მსჯავრდებულს ჩაუტარდა თირკმლის და საშარდე გზების ექოსკოპიური კვლევა, რა დროსაც პათოლოგია არ დაფიქსირებულა.
მიმდინარე წლის 10 სექტემბერს, პაციენტი განმეორებით კონსულტირებული იყო ოფთალმოლოგის მიერ, რომლის რეკომენდაციის საფუძველზეც, 12 სექტემბერს, იგი გადაყვანილ იქნა შპს „ნიუ ჰოსპიტალს”-ში, დამატებითი გამოკვლევებისა და კონსულტაციის მიზნით. აღნიშნულ კლინიკაში მას ჩაუტარდა: ნევროლოგის და ოფთალმოლოგის კონსულტაცია, გულ-მკერდის რენტგენოგრაფია, თავის ტვინის, ხერხემლის და ზურგის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიული კვლევა. დაესვა დიაგნოზი: ნაწილობრივი ფტოზი, ბლეფარო-კონიუნქტივიტი, დაბალი ხარისხის მიოპია, ჰორნერის ნიშანი მარჯვნივ. სხვა რაიმე პათოლოგია, მათ შორის სიმსივნური, არ გამოვლენილა. მიეცა დანიშნულება ოფთამოლოგის მიერ, რომელსაც აგრძელებს დღემდე, გარდა ამისა, მიზანშეწონილად ჩაითვალა კისრის მიდამოს დაზოგვა და მიეცა რეკომენდაცია პერიოდულად კისრის ფიქსატორი საყელოს ტარება, რომელიც მსჯავრდებულს მიწოდებული აქვს.
14 სექტემბერს მსჯავრდებული კონსულტირებულ იქნა შპს ,,ყელ-ყურ ცხვირის სნეულებათა ეროვნული ცენტრი ჯაფარიძე – ქევანიშვილის კლინიკის“ ოტო-რინო-ლარინგოლოგის მიერ, რომელმაც დაადასტურა არსებული დიაგნოზი და გაუგრძელა დანიშნული მკურნალობა.
20 სექტემბერს კონსულტირებულ იქნა ნევროპათოლოგის მიერ, რომელმაც ასევე დაადასტურა არსებული დიაგნოზი – ჰორნერის სინდრომი და გასცა გარკვეული დამატებითი რეკომენდაციები (გულმკერდის მრტ კვლევა და კისრის სისხლძარღვების მრ ანგიოგრაფია).
აღნიშნული გამოკვლევები მსჯავრდებულს მიმდიბარე კვირაში ჩაუტარდება.
20 სექტემბერს მსჯავრდებულს ოტო-რინო-ლარინგოლოგის კონსულტაცია გაეწია, რომელმაც ასევე დაადასტურა არსებული დიაგნოზი: ვაზომოტორული რინიტი და გაუგრძელა დანიშნული მკურნალობა (ნაზონექსი).
21 სექტემბერს ივანე მერაბიშვილს ოფთალმოლოგის კონსულტაცია გაეწია, რომელმაც ასევე დაადასტურა ზემოაღნიშნული დიაგნოზი- ჰორნერის სინდრომი და გაუგრძელა 12 სექტემბერს დანიშნული მკურნალობა.
აქვე აღვნიშნავთ, რომ ივანე მერაბიშვილის გაყვანა სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში და დაწესებულების შერჩევა ხდება თავად მსჯავრდებულთან შეთანხმებით.
სპეციალური პენიტენციური სამსახური მზად არის, რომ მსჯავრდებულისთვის სამოქალაქო სექტორის სამედიცინო დაწესებულებებში ჩატარებული კვალიფიციური კონსულტაციების, შესაბამისი ინსტრუმენტული და მაღალტექნოლოგიური გამოკვლევების მიუხედავად, უზრუნველყოს ალტერნატიული სამედიცინო მომსახურების მიწოდება მხარის მოთხოვნის შესაბამისად. გარდა ამისა, ვინაიდან მსჯავრდებულის ადვოკატები გამოთქვამენ გარკვეულ ეჭვებს ივანე მერაბიშვილისთვის არასრულფასოვნად ჩატარებულ მკურნალობასა და გამოკვლევებთან დაკავშირებით, მისი თანხმობის შემთხვევაში, შესაძლებელია მიემართოს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს სომატური ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე (დიაგნოზის ვერიფიცირების და ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების მიზნით)”, – აღნიშნულია განცხადებაში.