ვანო მაჭავარიანი - პირობა რომ არ შესრულდა, თუ ეს რეპუტაციულად ასე მძიმე სატარებელია და ქვეყნის დაქცევაა, პასუხი იქნება არჩევნებზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრ ვანო მაჭავარიანის განცხადებით, ნებისმიერი სახის პროტესტი, რომელიც არის დროში გაწელილი, ეკონომიკაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს.
რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, მაჭავარიანის თქმით, პასუხისმგებლობას გრძნობენ და სამწუხაროა, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტი ჩავარდა, ხოლო დეპუტატების ნაწილი გუნდიდან წავიდა.
„რასაკვირველია, ნებისმიერი სახის პროტესტი, ასე თუ ისე ნეგატიურ ელფერს სძენს ეროვნულ პროცესებს. თუ ეს პროცესი არის განგრძობითი ხასიათის, დროში გაწელილი ან მასშტაბური, რა საკვირველია, უფრო მეტად აზიანებს ეკონომიკურ პროცესს, ეს ერთმნიშვნელოვანია. ყველა ქვეყანაში ასეა. ასე რომ, ამ მხრივ, არ არის დადებითი მოვლენა. ახლა ამის პოლიტიკურ ასპექტებზე რომ ვისაუბრო, კითხვა იყო, პასუხისმგებლობას თუ გრძნობთო. ვგრძნობთ, რა თქმა უნდა. ხელისუფლების არაერთმა წარმომადგენელმა თქვა, რომ შეწუხებულია, რადგან ვერ გავიდა ეს კანონპროექტი. არაერთმა უმრავლესობა დატოვა, ვინც დარჩა არაერთი შეწუხებულია“ ,- განაცხადა მაჭავარიანმა და აღნიშნა, რომ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გუშინდელ ინტერვიუში ამ საკითხზე არსებულ კითხვებს უპასუხა.
„ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ პასუხს სცემს ამ ნაწილს. თუ პროპორციული არჩევნები იყო მთელი საზოგადოების ან მისი დიდი ნაწილის მოთხოვნა, მათ მიაჩნიათ, რომ პროპორციული სისტემა არის სწორი მოდელი, მაშინ ეს საზოგადოება მოვა საარჩევნო ყუთთთან და დააფიქსირებს, თუ ასეთი მნიშვნელოვანია. თუ ეს საკითხი მხოლოდ იმ პატარა გუნდისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომელიც დღეს ქუჩაშია, მათთვის დარჩება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად. ყველა ვთანხმდებით, რომ აქ საუბარი იმაზე არ არის, ეს მოდელი სჯობია იმ მოდელს, ტყუილია. გინდა თუ არა, საქართველოს მომავლისთვის პროპორციული, ნულოვანი ბარიერი არის იდეალური, ეს ხომ ტყუილია, არ არის. აქ საუბარია, რომ ეს იყო პოლიტიკური კომპრომისისთვის გადადგმული ნაბიჯი და არა იმისთვის, რომ ქვეყნის განვითარებისთვის ან მმართველობისთვის უკეთესი მოდელია. აქ საკითხია, რომ იყო დაპირება. კიბატონო, მართლა დარტყმა მიიღო ამ მხრივ ხელისუფლებამ. ამაზე თვითონვე თქვა ბიძინა ივანიშვილმა, რომ ეს არ იყო რეპუტაციულად იოლი საქმე, მაგრამ ეს არანაირად არ ნიშნავს, რომ არსებული მოდელი ან უკანონოა, ან უარგისია, ან არაკონსტიტუციურია. პირობა რომ არ შესრულდა, თუ ეს რეპუტაციულად ასე მძიმე სატარებელია და ქვეყნის დაქცევაა, ამის პასუხი იქნება არჩევნებზე. ამის პასუხი ხომ არ შეიძლება იყოს არევა და უკანონო ქმედებები. არევა ქვეყნის და პროტესტი, რომელიც ზღვარს გადადის, მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც ხელისუფლება უკანონობას ჩადის. ეს ხომ არ იყო უკანონობა, ეს ხომ მორალური საკითხია, რომ პირობა მოგვცა და ვერ დაიცვა პირობა. კიბატონო, ამას პასუხიც უნდა გაეცეს შესაბამისად. თუ საქართველოს მოსახლეობის ნახევარი, რა ვიცი, 70 პროცენტი მნიშვნელოვნად გაბრაზდება, ამას გამოხატავს არჩევნებში. მაგრამ კანონი არ დარღვეულა და საპირისპირო რეაქციაც არ უნდა ატარებდეს კანონდარღვევის ხასიათს“, – განაცხადა მაჭავარიანმა.