ვანო მაჭავარიანი - 2020 წელს ბიუჯეტიდან პირდაპირი სარგებელი მილიონზე მეტ ჩვენს მოქალაქეს გაეზრდება
2020 წელს მილიონზე მეტ ჩვენს მოქალაქეს გაეზრდება პირდაპირი სარგებელი ბიუჯეტიდან, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა 2020 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიის პარლამენტში წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, სოციალური დანახარჯებისთვის, დამატებით გამოყოფილია 300,0 მლნ ლარი, რომლის ფარგლებშიც, შესაძლებელი გახდა პირველი იანვრიდან პენსიებისა და სოციალური დახმარებისთვის 20-ლარიანი ზრდა, ხოლო პირველი ივლისიდან, 70 წლის და უფრო მაღალი ასაკის პენსიონრებისთვის, ასევე 18 წლამდე და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, პენსიის დამატებით 30-ლარიანი ზრდა.
„2020 წლის ბიუჯეტში მასწავლებელთა ხელფასების ზრდისთვის, დამატებით გამოყოფილია 120,0 მლნ ლარი. აღსანიშნავია, რომ წელს, პირველი ოქტომბრიდან მასწავლებელთა დანამატები გაიზარდა 150 ლარით და მომდევნო წელს, ახალი სასწავლო წლიდან კიდევ იგეგმება 150-ლარიანი ზრდა. მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ხელფასების ზრდა პოლიციელებისთვის, სახანძრო-სამაშველო სამსახურების თანამშრომლებისთვის, ჯარისკაცებისთვის, პირველადი ჯანდაცვის პერსონალისა და საბავშვო ბაღების პერსონალისთვის“ ,- განაცხადა მინისტრმა.
ამასთან, როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, 2020 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიაში შენარჩუნებულია ფისკალური და მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის აუცილებელი ყველა პარამეტრი.