ვანო ჩხარტიშვილი - წინა ხელისუფლების დროს, „თიბისი ბანკი“ პროკურატურის კრიმინალური ქმედების გამტარი იყო
ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი აცხადებს, რომ წინა ხელისუფლების დროს, „თიბისი ბანკი“ იყო „ერთ-ერთი ძალიან სერიოზული ინსტიტუცია, პროკურატურის კრიმინალური, დანაშაულებრივი ქმედების გამტარი“. ამის შესახებ ვანო ჩხარტიშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
„არ ვამბობ, რომ მამუკა ხაზარაძეს უნდოდა ჩემი აქტივების წართმევა და ვერც წამართმევდა. უბრალოდ, ბანკი იყო გამოყენებული ძალიან ბევრ საქმეში, არა მარტო ჩემს საქმეში. სამწუხაროდ, ისეთი ფაქტები არსებობს, როცა მაგალითად, ადამიანებს ციხეებში აწერინებდნენ ხელს და აღებინებდნენ კრედიტებს. მაგალითად, ბანკი „კონსტანტა“, მისი დირექტორი მიიყვანეს ბანკში ღამის 12:00 საათზე, მოაწერინეს ხელი, ააღებინეს 13 მილიონი კრედიტი, ეს ფული წაიღო მთავრობამ და ბანკი შეიძინა „თიბისი ბანკმა“. ამის შემდეგ, იმ ბანკს ლიკვიდაცია გაუკეთა და ა.შ.“ – აცხადებს ვანო ჩხარტიშვილი.
ჩხარტიშვილის თქმით, ასე მოხდა მისი და ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის წისქვილკომბინატის შემთხვევაში. მისივე თქმით, პროკურატურას გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ის კონკრეტული პირისთვის მიეყიდათ და სხვა არავინ მიუშვეს აუქციონზე.
„ერთ დღეს, წისქვილკომბინატი აუქციონით გაიყიდა, იყიდა ბანკმა და შემდეგ შემოვიდა ახალი მესაკუთრე კოკი ოსიპოვი“, – აცხადებს ვანო ჩხარტიშვილი.
ჩხარტიშვილის თქმით, ოსიპოვი, რომელმაც მისთვის ჩამორთმეული ქონება შეიძინა, მორალურად სწორად მოიქცა.
„ოსიპოვი ლონდონში როცა იყო ჩამოსული ჩემთან, მითხრა, რომ ეს დაავალეს და შემომთავაზა პარტნიორობა, რაზეც მე უარი ვუთხარი. ვუთხარი, დააბრუნე ეს ქონება-მეთქი. ვინ დაავალა, არ უთქვამს, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, ეს მერაბიშვილმა დაავალა. ამის შემდეგ, ჩამოვდივარ თბილისში, ვხვდები მამუკა ხაზარაძეს. მე მას ვუთხარი, ვინც მონაწილეობდა ამ საქმეში, ყველას გადავუხდი ფულს და დავაბრუნოთ ეს ქონება უკან-მეთქი. ბატონმა მამუკამ თქვა, მე ეს ქონება საბაზრო პრინციპებით გავყიდეო. მე ვუთხარი, სასამართლოში ხომ არ წავალთ, უხერხულია, მარტო მე ხომ არ ვარ, ასეთი სიტუაციაა-მეთქი. ანუ, ხაზარაძემ არ აღიარა ყველაზე მთავარი ამბავი, რომ მას ზეწოლით, თხოვნით, თავისი ნებით სახელმწიფოსთან იყო გარიგებაში და ამით ახდენდა ყველა ამ დეტალის რეგისტრაციას და ქონების ჩამორთმევას“, – განაცხადა ვანო ჩხარტიშვილმა.