ვანის მუნიციპალიტეტის შესასვლელებში საკონტროლო-გამშვები პუნქტები მოეწყობა, ჩატარდება თერმოსკირინინგი
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ვანის მუნიციპალიტეტში შემოღებული იქნა იგივე რეგულაცია, რაც საქართველოს დანარჩენ ცხრა მუნიციპალიტეტში მოქმედებს, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
მისი თქმით, ჩატარდება პროაქტიური თერმოსკრინინგი, ასევე მუნიციპალიტეტის გასასვლელებში მოეწყობა სპეციალური გამშვები პუნტქები.
„დღეს საკოორდინაციო საბჭოს წევრების მორიგი სხდომა ჩატარდა, თუმცა განსხვავებულ, ტელეკონფერენციის ფორმატში იყო სხდომა ჩატარებული და მიღებულ იქნა რამდენიმე გადაწყვეტილება.
როგორც თქვენთვის ცნობილია, დღესდღეისობით საქართველოში გვაქვს „კოვიდ 19“-ის 208 შემთხვევა, 48 გამოჯანმრთელებული, სავალდებულო კარანტინში იმყოფება 4 682 ადამიანი, სამწუხაროდ, გვაქვს სამი ლეტალური შემთხვევა.
გარდა ამისა, არის რამდენიმე ახალი შემთხვევა, რომელიც ერთ შემთხვევაში უკავშირდება ვანის მუნიციპალიტეტს, მიმდინარეობს ამ შემთხვევის შესწავლა. დადგენილია გარკვეული კონტაქტები, ასევე მიმდინარეობს ამ კონტაქტებთან მუშაობა, მაგრამ ამ ეტაპისთვის მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ვანის მუნიციპალიტეტში შემოვიღოთ იგივე რეგულაცია, რაც საქართველოს დანარჩენ ცხრა მუნიციპალიტეტში მოქმედებს. შესაბამისად, იქნება პროაქტიური თერმოსკრინინგი, მუნიციპალიტეტის გასასვლელებში მოეწყობა სპეციალური გამშვები პუნტქები, სადაც მოხდება თერმოსკრინინგი ჩვენი თანამოქალაქეების. შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე ანალოგიური განხორციელდება“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.