ვალუტის გადამცვლელი ობიექტებისთვის ვირუსის გავრცელების პრევენციული რეგულაციები შემუშავდება
ბიზნესომბუდსმენის აპარატი შეზღუდვების მოხსნის და ეკონომიკის ამოქმედების გეგმისა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით შემუშავებულ რეკომენდაციებზე ბიზნესთან სექტორულ განხილვებს აგრძელებს.
ბიზნესომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, დღეს, ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა და ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ვალუტის გადამცვლელთა ასოციაციასთან ობიექტების გახსნასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. იმსჯელეს სავალუტო ჯიხურების გახსნის ვადების დაჩქარებისა და ობიექტებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელ რეგულაციებზე.
ვიდეო ჩართვაში მონაწილეობდნენ ვალუტის გადამცვლელთა ასოციაციის დირექტორი ნინო ქავთარაძე, ასოციაციის თავმჯდომარეები რატი მაღლაკელიძე, რეზვა ყულოშვილი, პაატა ჩუბინიძე და ასოციაციის წევრი კომპანია „სოფთ ლოუნის“ წარმომადგენელი ვახტანგ გრიგალაშვილი.
ვალუტის გადამცვლელთა ასოციაციასთან კონსულტაციები გაგრძელდება და პროცესში შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი ჩაერთვება. საქართველოს მთავრობის შეზღუდვების მოხსნის და ეკონომიკის ამოქმედების გეგმის მიხედვით ყველანაირი საფინანსო მომსახურების გახსნა მეოთხე ეტაპზეა დაგეგმილი.
„ვალუტის გადამცვლელი ობიექტები არიან მნიშვნელოვანი სერვისის მიმწოდებლები და როგორც დღეს მათგან მოვისმინეთ, ყოველდღიურად მილიონამდე მომხმარებელს ემსახურებიან. ჩვენ შევთანხმდით, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით ვალუტის გადამცვლელი ობიექტებისთვის შემუშავდება ვირუსის გავრცელების პრევენციული რეგულაციები და ცხადია, ბიზნესომბუდსმენის აპარატი მხარს დაუჭერს, რომ აღნიშნული მნიშვნელოვანი ბიზნეს სექტორის გახსნა მოხდეს დროულად. მაგრამ აუცილებელია, რომ ეს გახსნა იყოს მდგრადი და სექტორში მოხდეს კორონავირუსის გავრცელების პრევენციული სტანდარტების დანერგვა და დაცვა“, – აცხადებს მიხეილ დაუშვილი.