ვალის განულების შესახებ მონაცემების ნახვას მოქალაქეები 3 დეკემბრიდან სპეციალურ ვებგვერდზე შეძლებენ
საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის ინფორმაციით, 3 დეკემბრისთვის ამოქმედდება ვებგვერდი, სადაც თითოეულ ადამიანს შეეძლება, გადაამოწმოს საკუთარი მონაცემები და ნახოს, შეეხება თუ არა ვალის განულება.
როგორც ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, მოქალაქეთა პირადი მონაცემები დაცული იქნება, მონაცემების შეყვანის შემდეგ ნახავს წითელ ან მწვანე ნიშნულს, რის შემდეგაც დასაზუსტებლად მიმართავს იმ საფინანსო ინსტიტუტს, ვისგანაც ჰქონდა სესხი აღებული.
მისივე თქმით, ტრანზაქცია 15 დეკემბრიდან წლის ბოლომდე განხორციელდება.
ჟურნალისტების კითხვაზე, რა გარანტია არსებობს, რომ ის ადამიანები, ვისაც სესხი გაუნულდებათ ვალს აღარ აიღებენ, მინისტრი აცხადებს, რომ სესხის დაკრედიტება უპასუხისმგებლოდ ხდებოდა, რაც ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ აღარ მოხდება.
„არ ხდებოდა ადამიანის შემოსავლების შემოწმება, ხდებოდა დრაკონულად დიდი ჯარიმებისა და დიდი პროცენტების დარიცხვა. შემოვიდა რეგულაციები, რასაც პასუხისმგებლიანი დაკრედიტება ჰქვია. ეს არის ამოსავალი წერტილი. დღეიდან ვერც საფინანსო ინსტიტუტები შეძლებენ ასე იოლად დაკრედიტებას და ვერც ფიზიკური პირები შეძლებენ ასეთი სესხების აღებას. შესაბამისად, სუფთა ფურცლით იწყება ყველაფერი და შემდგომში პასუხისმგებლობა უნდა გაიზიაროს არამარტო საფინანსო ინსტიტუტმა, არამედ მსესხებელმაც. ეს არ ნიშნავს, რომ მომავალში აღებული სესხი, რომელიც უკვე ევროპული წესით იქნება დადგენილი, რამენაირად მოხდეს მისი არგადახდა, ჩვენ ამას არ წავახალისებთ. ეს არის ერთჯერადი აქტი და მიბმულია იმასთან, რომ თამაშის წესები დიამეტრულად შეიცვალა”, – განაცხადა მაჭავარიანმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს განაცხადა, რომ საქართველოს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანება გაუნულდება. ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ საფინანსო ინსტიტუტებისადმი მოქალაქეთა დავალიანების განულების ინიციატივა ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით განხორციელდება.